ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბახტაძე.

ვალერიან (ვალია) სამსონის ძე ბახტაძე (დ. 27 ივნისი, 1896, დ. ხონი, ქუთაისის მაზრა, ― გ. 4 დეკემბერი, 1930, თბილისი) — რევოლუციური (ბოლშევიკური) მოძრაობის მონაწილე საქართველოში. კომუნისტური პარტიის წევრი 1915 წლიდან.

ბიოგრაფია

რედაქტირება

რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში (1912-1915), 1916 წელს ჯარში გაიწვიეს და გაგზავნეს პეტერგოფის პრაპორშჩიკთა სკოლაში, აქ სხვებთან ერთად შექმნა სოციალურ-დემოკრატიული წრე. 1917 წელს მონაწილეობდა თებერვლის რევოლუციურ ბრძოლებში პეტერგოფში, შემდეგ ავსტრიის ფრონტზე დროებითი მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო ნაწილის აჯანყებაში. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. იყო ხონის პარტიული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბათუმ-გურიის ბოლშევიკური კომიტეტის მდივანი. მისი ხელმძღვანელობით 1918 იანვრიდან ბათუმში გამოდიოდა გაზეთ „მუშის სიმართლე“. იყო პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრი. 1918 წლის აპრილში აქტიურად მონაწილეობდა ანტისამთავრობო გლეხთა აჯანყებაში სამეგრელოში. იმავე წლის გაზაფხულზე, აფხაზეთის ბოლშევიკური ამბოხების პერიოდში, ხელმძღვანელობდა სამხედრო-საზღვაო რაზმს, შედიოდა სამხედრო-რევოლუციური შტაბის შემადგენლობაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ წავიდა პიატიგორსკში, იქიდან ვლადიკავკაზში, სადაც ხელმძღვანელობდა დენიკინის წინააღმდეგ მებრძოლ კომუნისტურ რაზმს. 1919 წელს თებერვალში დაბრუნდა საქართველოში და განაგრძო რევოლუციური მოღვაწეობა, რისთვისაც რამდენიმეჯერ დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ გაემგზავრა ბაქოში და დაინიშნა XI წითელი არმიის ცხენოსანი დივიზიის სამხედრო კომისრად. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების იძულებითი დამყარების შემდეგ ბახტაძე მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორად, პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის მდივნად, საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგედ, გაზეთ „მუშა და გლეხის“ და ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორად. 1926 წელს იყო მოწამეთას მონასტრის აკლდამიდან დავით და კონსტანტინეს ნეშტების ამოღების ინიციატორი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • რევოლუციური მოძრაობის მოღვაწენი საქართველოში (ბიოგრაფიების კრებული), თბ., 1961;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვალია_ბახტაძე“-დან