ვალერიუს ფლაკუსი, გაიუს ვალერიუს ფლაკუს სეტინუს ბალბუს (ლათ. Gaius Valerius Flaccus Setinus Balbus; დ. წ. უცნობია — გ. დაახლ. ახ. წ. 90-95) — რომაელი პოეტი, ე. წ. ვერცხლის ხანის ეპიკური პოეზიის წარმომადგენელი.

ვალერიუს ფლაკუსის ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. გვარ-სახელი „სეტინუს“ შესაძლოა პოეტის ქალაქ სეტიიდან (ახლანდ. სეცე, ლატინის პროვინცია) წარმომავლობას მიუთითებდეს. რომაელი ორატორი კვინტილიანი თავის დაახლ. 96 წელს დაწერილ თხზულებაში (Institutio oratoria) ვალერიუს ფლაკუსს ახალგარდაცვლილად მოიხსენიებს.

ვალერიუს ფლაკუსი ცნობილია, როგორც ავტორი ეპიკური პოემისა „არგონავტიკა“, რომელიც მიუძღვნა იმპერატორ ვესპასიანეს. პოემაში აპოლონიოს როდოსელის მიბაძვით აღწერილია არგონავტთა მოგზაურობა კოლხეთისაკენ. თხზულება დაუმთავრებელია, შედგება 8 წიგნისაგან. ეტყობა ვერგილიუსის სტილის გავლენა. აღწერს შავი ზღვის სანაპიროზე მოსახლე ტომებს, მ. შ. ხალიბებს, ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს. დაწვრილებითი ცნობებია საკუთრივ კოლხეთზე, მდ. ფასისზე, მეფე აიეტზე. აშკარად ჩანს, რომ ავტორი იყენებდა თავის თანამედროვე რომაელი მწერლების, პირველ რიგში, პომპონიუს მელას და პლინიუსის გეოგრაფიულ აღწერებს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Argonauticon libri VIII, ed. O. Kramer, Lipsiae, 1913.
  • Argonauticon libri octo, ed. J. H. Horley, L., Cambr. 1934 (Loeb Classical Library).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გიგაური ც., ვალერიუს ფლაკუსის „არგონავტიკა”, «ცისკარი», 1969, №8.
  • ურუშაძე ა., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ., 1964.
  • ლომოური ნ., ვალერიუს ფლაკუსი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება