ვალდებულება
ვალდებულება — ისეთი სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობაა, რომლის ძალითაც მოვალე ვალდებულია შეასრულოს კრედიტორის სასარგებლოდ განსაზღვრული მოქმედება, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მოვალისგან ვალდებულების შესრულება[1]. შესრულება შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებით, ისე მოქმედებისგან თავის შეკავებით[2]. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და მოვალეობებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას[3].
ტერმინი „ვალდებულება“ მეცნიერებასა და პრაქტიკაში სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება. იგი, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს განსაზღვრული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობას, მაგრამ ზოგჯერ გულისხმობს მოვალის ვალდებულებას (ვალს) ან დოკუმენტს, რომელშიც დაფიქსირებულია ასეთი ვალდებულება[4].
ვალდებულება რომის სამართალში
რედაქტირებარომის სამართალში ვალდებულებას ეწოდება „ობლიგაციო“ (ლათ. obligatio). მისი ცნებმა რომაელმა იურისტებმა თანდათან შეიმუშავეს და მისი შემუშავება დასრულდა იმპერატორ იუსტინიანეს დროს. იუსტინიანეს კრებულის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილში, ინსტიტუციებში, ვალდებულება განმარტებულია როგორც „სამართლებრივი ბორკილები, რომლებიც ჩვენ გვაიძულებს შევასრულოთ რაიმე ჩვენი სახელმწიფოს კანონების მიხედვით“. „ბორკილები“, რომლითაც მოვალე იზღუდებოდა, უბრალო სიტყვები არ იყო. XII ტაბულის კანონში არის მუხლი, რომელიც აწესებს ვალის არგადამხდელის (მოვალის) შეკვრას თოკით ან მისთვის ბორკილების დადებას. ამასთან, გათვალისწინებული იყო ბორკილების სიმძიმეც. მაგრამ უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისისთვის კრედიდიტორს აღარ ჰქონდა ასეთი უფლება — ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ქონებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა[5].
ვალდებულების ელემენტები
რედაქტირებავალდებულების, ისე როგორც ყველა სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის, ელემენტებს წარმოადგენს სუბიექტი, შინაარსი და ობიექტი.
სუბიექტი
რედაქტირებავალდებულების სუბიექტები მასში მონაწილე პირები არიან, რომლებიც იწოდებიან კრედიტორად და მოვალედ. კრედიტორი (ლათ. creditor) ვალდებულების ის მხარეა, რომელსაც განსაზღვრული მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს. მოვალე (ლათ. debitor) ვალდებულების ის მხარეა, რომელმაც კრედიტორის სასარგებლოდ განსაზღვრული მოქმედება უნდა შეასრულოს[4].
შინაარსი
რედაქტირებავალდებულების შინაარსს შეადგენს მისი მხარეების უფლებები და მოვალეობები, კერძოდ, კრედიტორის უფლება, მოითხოვოს მოვალისგან რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისგან თავის შეკავება და მოვალის ვალდებულება, შეასრულოს განსაზღვრული მოქმედება კრედიტორის სასარგებლოდ ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების შესრულებისგან. ვალდებულების შესრულებისას თითოეული მხარე ვალდებულია, ყოველმხრივ ხელი შეუწყოს მეორე მხარეს მისი ვალდებულების შესრულებაში[4].
ობიექტი
რედაქტირებავალდებულების ობიექტს წარმოადგენს ის, რაზედაც მიმართულია კრედიტორის მოთხოვნის უფლება და მისი შესაბამისი მოვალის ვალდებულება. რამდენადაც კრედიტორის უფლება და მოვალის ვალდებულება მიმართულია მოქმედების შესრულებაზე ან მოქმედებისგან თავის შეკავებაზე, მოქმედება ან მისი შესრულებისგან თავის შეკავება წარმოადგენს ვალდებულების ობიექტს[6].
ვალდებულების წარმოშობა
რედაქტირებავალდებულება, ისე როგორც ყველა სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა, განსაზღვრული იურიდიული ფაქტების საფუძველზე წარმოიშობა. წარმოშობის საფუძვლებიდან, ძირითადად, განასხვავებენ სახელშეკრულებო და კანონისმიერ ვალდებულებებს. ხელშეკრულებას ვალდებულების წარმოშობისას დიდი ყურადღება ექცევა, რამდენადაც ვალდებულებათა უმრავლესობა ხელშეკრულებიდან წარმოიშობა. ასეთი ვალდებულებითი ურთიერთობების მაგალითებია: ნასყიდობა, ჩუქება, ქირავნობა, ნარდობა, იჯარა, სესხი და სხვ[6].
ვადებულებათა ერთი ნაწილი წარმოიშობა კანონის საფუძველზე და ამ დროს მხარეთა შეთანხმება სავალდებულო არ არის. კანონისმიერი ვალდებულებების მაგალითებია: ზიანის მიყენება (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრება და კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები[7][8].
ვალდებულების წარმოშობის საფუძველი შეიძლება იყოს ცალმხრივი გარიგებაც, მაგალითად, საანდერძო დანაკისრი[6].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ზ. ახლვედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, თბ., 2001
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ზ. ახლვედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999, გვ. 5
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი
- ↑ 4.0 4.1 4.2 ზ. ახლვედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999, გვ. 6
- ↑ ვ. მეტრეველი, რომის სამართლის საფუძვლები, თბ., 2005, გვ. 70
- ↑ 6.0 6.1 6.2 ზ. ახლვედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999, გვ. 7
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, თბ., 2001, გვ. 29
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილი