ნასყიდობა
ნასყიდობა — ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება, რომლის ძალითაც გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება[1]. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივია, რამდენადაც მასში მონაწილეობს სულ მცირე ორი პირი და თითოეულ მათგანს აქვს ერთდროურად აქვს უფლებებიც და მოვალეობებიც — გამყიდველს უფლება აქვს, მიიღოს გაყიდული ქონების ფასი და, ამავე დროს, ვალდებულია გადასცეს ქონება მყიდველს, ხოლო მყიდველს უფლება აქვს, მიიღოს ქონება და, ამავე დროს, ვალდებულია, გადაიხადოს ქონების საფასური. ნასყიდობა კონსესუალური ხელშეკრულებაა, რამდენადაც მისი ნამდვილობისთვის აუცილებელია კონსენსუსი, ესე იგი მხარეთა შორის დადგენილი ფორმით შეთანხმების მიღწევა. ნასყიდობა სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რამდენაც მისი ძალით ერთი მხარე მის მიერ შესრულებული ქმედებისთვის იღებს მეორე მხარისგან შემხვედრ დაკმაყოფილებას (ანაზღაურებას)[2][3].
ისტორია
რედაქტირებანასყიდობის ხელშეკრულება სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უძველესი ინსტიტუტია. მას რომის სამართალის კონტრაქტების კლასიკურ სისტემაში ძირითადი ადგილი ეკავა. ნასყიდობის საფუძველზე მრავალი ხელშეკრულება აღმოცენდა. მან სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებში ხელი შეუწყო სახელშეკრულებო სამართლის ფორმირებას. თავად ნასყიდობა გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბდა.
რომის სამართალში ნასყიდობის ხელშეკრულებას „emtio-vendicio“ (ლათ. ყიდვა-გაყიდვა. emtio — ყიდვა, venditio — გაყიდვა) ეწოდებოდა. იგი წარმოადგენდა კონსესუალურ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც გამყიდველი — venditor კისრულობდა ვალდებულებას გადაეცა მყიდველისთვის — emtor ნივთი, ქონება ან სხვა სიკეთე, ხოლო გამყიდველი კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ნივთის ფასი — pretium. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საგანი იყო ყველა სახის ნივთი თუ ქონება, რომელიც სამოქალაქო ბრუნვიდან არ იყო ამოღებული[4].
შინაარსი
რედაქტირებანასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველსა და მყიდველს ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები.
გამყიდველის უფლება-მოვალეობები
რედაქტირებაგამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. თუ საქმე ეხება მოძრავ ნივთს, მაშინ გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული[5]. ხოლო მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული[6].
გამყიდველს ხელშეკრულებით შეიძლება დაევალოს საქონლის გაგზავნა. თუ გამყიდველს ევალება საქონლის გაგზავნა, მან უნდა დადოს ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებელია ტვირთის დათქმულ ადგილზე გადაზიდვისა და ასეთი გადაზიდვისათვის ჩვეული პირობებისათვის[7]. თუ გამყიდველი ხელშეკრულებით გადამზიდველს გადასცემს საქონელს და ეს საქონელი არც ამოსაცნობი ნიშნით, არც გადაზიდვისათვის საჭირო საბუთებით და არც სხვა რაიმე საშუალებით არ არის გამოკვეთილად აღნიშნული, მაშინ გამყიდველმა უნდა შეატყობინოს მყიდველს საქონლის გადაგზავნის თაობაზე და, ამასთანავე, გაუგზავნოს ტვირთის დაწვრილებითი ჩამონათვალი[8].
გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი[9]. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე[10]. ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება[11].
თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. მასვე ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები. გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს. თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების მიზნით მყიდველს გადასცემს უნაკლო ნივთს, მაშინ მას შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნება[12].
ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს გამყიდველის პასუხისმგებლობა ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას, მაგრამ ასეთი შეთანხმება ბათილი იქნება, თუ გამყიდველი განზრახ დუმდა ნივთის ნაკლის შესახებ[13].
თუ მყიდველი დროულად არ მიიღებს ნივთს ან თავის დროზე არ გადაიხდის მის ფასს, გამყიდველი ვალდებულია შეინახოს ნივთი. გამყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი ან დააკავოს გზაში მანამ, ვიდრე მყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს[14].
მყიდველის უფლება-მოვალეობები
რედაქტირებამყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. საქონელი მიღებულად ჩაითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას[15]. მოძრავი ნივთის ყიდვისას, მყიდველს ეკისრება ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული[5].
გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევითი დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. თუ გამყიდველი გაყიდულ ნივთს მყიდველის მოთხოვნით გზავნის სხვა ადგილას, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მაშინ ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა გამყიდველმა ნივთი ჩააბარა გადამზიდველს ან ამის შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირს[16].
თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი. თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.
ნაკლის მქონე ნივთის მიღებისას, მყიდველს შეუძლია გამყიდველს მოსთხოვოს ან ნაკლის გამოსწორება, ან ნივთის ახლით შეცვლა. მას ასევე შეუძლია მოითხოვოს ნივთის ნაკლის გამო ხელშეკრულების მოშლა. თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი[17].
მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას საქონლის მიღებაზე, თუ გამყიდველმა მას მიაწოდა საქონელი იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თუ მყიდველი მიიღებს ასეთ საქონელს, მაშინ ფასს გადაიხდის სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად. თუ საქონლის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულს, მაშინ მყიდველს შეუძლია მიიღოს ეს რაოდენობა და მოვალეა გადაიხადოს სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად, ან მიიღოს მხოლოდ ის რაოდენობა, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, ხოლო ზედმეტი დააბრუნოს უკანვე გამყიდველის ხარჯზე[18].
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, პირველი წიგნის პირველი ტომი, თბილისი, 2001
- ზ. ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი
- ↑ ზ. ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999, გვ. 28-29
- ↑ ზ. ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999, გვ. 97
- ↑ ვ. მეტრეველი, რომის სამართლის საფუძვლები, თბ., 2005, გვ. 77
- ↑ 5.0 5.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 478-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 479-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 480-ე მუხლის მე-2 ნაწილი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 480-ე მუხლის პირველი ნაწილი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 497-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-500 მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 483-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 482-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლი
- ↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 493-ე მუხლი