ამენჰოტეპ IV
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ამენჰოტეპ IV (ძვ. ეგვიპტ. „ამონი კმაყოფილია“), ეხნატონი („ატონისათვის მარგი“) — ეგვიპტის ფარაონი XVIII დინასტიიდან, მეფობდა ძვ. წ. 1353–1336 [1], 1351–1334[2] ან 1365–1349 წლებში.[3] ამენჰოტეპ III-ის მეორე ვაჟი, რომელიც უფროსი ძმის, თუტმოსის გარდაცვალების შემდეგ მამამისის მემკვიდრე გახდა. მმართველობის დასაწყისში ლოიალური იყო XVIII დინასტიისათვის ტრადიციული თებეს (მ.შ. ამონ-რას) კულტის მიმართ, თუმცა დიდი მნიშვნელობა მისცა მზის ძველი ღმერთის, რა-ჰარახუტის კულტს. დაახლ. 1359 წელს დედაქალაქი გადაიტანა ახლად აშენებულ ქალაქ ახეტატონში („ატონის ჰორიზონტი“, კომპლექსი ელ-ამარნა; ამის მიხედვით ამენჰოტეპის ზეობას — ამარნის ხანად, ხოლო მის რელიგიას ამარნის რეფორმად მოიხსენიებენ), თავად კი ეხნატონი დაირქვა. დაიწყო ღმერთ ატონის (ძვ. ეგვიპტ. Itn — „მზის დისკო“) თაყვანისცემა. 1356 წლიდან ახეტატონის ტექსტებში შეწყვიტეს ტრადიციული ეგვიპტური ღმერთების მოხსენიება (მ.შ. დაუშვებელი იყო მამამისის სახელის წერისას ამონის ხსენებაც). 1353 წლიდან აიკრძალა მათი თაყვანისცემა და ატონის სიტყვა „ღმერთით“ მოხსენიება (როგორც ფარაონს, მასაც „მბრძანებლით“ მოიხსენიებდნენ). ამენჰოტეპს ძლიერ სჯეროდა ატონისადმი მისი რწმენის ჭეშმარიტების, თვლიდა, რომ მასთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდა და ატონის ნების ასრულებაზე იყო დამოკიდებული მისი საქმეების წარმატებულობა. მისი აზრით, ტრადიციული ეგვიპტური ღმერთები ატონთან მტრულად იყვნენ განწყობილნი, თუმცა მათ თაყვანისცემას დიდი ხნის განმავლობაში არ კრძალავდა, რათა საზოგადოებაში უკმაყოფილება არ გამოეწვია. როგორც ჩანს, შეუწყნარებლად ეკიდებოდა სხვადყოფნის წარმოდგენას (ღმერთთა განსაკუთრებულ სამყაროზე, იმქვეყნიურ ცხოვრებაზე) და ნამდვილად არსებულად თვლიდა მხოლოდ დედამიწას, სადაც უშუალოდ იმყოფებოდა ატონიც. მიუხედავად ამისა, ამენჰოტეპის ზეობის დროს ტრადიციული ეგვიპტური ღმერთების თაყვანისცემა პრაქტიკულად ყველგან შენარჩუნდა.[3]
ფარაონის საგარეო პოლიტიკა წარუმატებელი იყო.[3] მის დროს ეგვიპტის სამხედრო ძლიერება დაეცა. სირია და პალესტინა ცდილობდნენ ეგვიპტის ბატონობისაგან განთავისუფლებას.[4] 1350-იანი წლების პირველ ნახევარში ეგვიპტემ მითანთან ომში სამხრეთი სირია დაკარგა. დაახლ. 1356–1355 წლებში მითანი დაამარცხა ხეთების სამეფომ და ეს უკანასკნელი ეგვიპტეს გაუმეზობლდა. დაიწყო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ეგვიპტის ვასალების გადაბირება. შიდა პოლიტიკაში ამენჰოტეპი ეყრდნობოდა საზოგადოების ქვედა ფენებიდან გამოსულ ადამიანებს, რომლებსაც მის დროს უმნიშვნელოვანესი თანამდებობები ეკავათ (ე.წ. ნემხუ — „ობლები“).[3] ამენჰოტეპ IV-ის გარდაცვალების შემდეგ მისი რელიგიის რეფორმა გააუქმეს და ამონის კულტი კვლავ აღადგინეს.[4]
გარდაცვალების შემდეგ სამეფო კარმა ახეტატონი მიატოვა, ქალაქი შემდგომში დაინგრა. იგი ახალი სამეფოს პერიოდის ეგვიპტის საქალაქო ცხოვრების ცნობების მნიშვნელოვანი წყაროა. ამენჰოტეპ IV-ისა და მისი წინამორბედის, ამენჰოტეპ III-ის საგარეო პოლიტიკის ისტორიის შესწავლა მნიშვნელოვნად ეფუძნება წინა აზიის მეფეებთან მიმოწერების ლურსმული დამწერლობის არქივის მონაცემებს, რომელიც ახეტატონში აღმოაჩინეს (ე.წ. ამარნის არქივი). ამენჰოტეპის დროის ხელოვნებას ახასიათებს განსაკუთრებული ნოვატორული და პირობითობებით უხვი სტილი. თავის ოფიციალურ ტექსტებში იყენებდა მისი დროის სალაპარაკო ენასთან განზრახ მიახლოებულ ენას.[3]
ჰყავდა ორი ცოლი: ნეფერტიტი, რომელთანაც 6 ქალიშვილი შეეძინა, და, მეფობის ბოლოს, კიია, რომელთანაც, როგორც ჩანს, კიდევ ერთი ქალიშვილი ეყოლა. საეჭვოა ვარაუდები მამამისთან ერთად ხანგრძლივი თანამმართველობისა (9-დან 12 წლამდე) და აგრეთვე იმის შესახებ, რომ ტუტანხამონი მისი ვაჟი იყო.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Britannica.com 2012.
- ↑ von Beckerath 1997, p. 190.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Ладынин И. А. Эхнатон // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 523.
- ↑ 4.0 4.1 ამენჰოტეპი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 356.