ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმა — დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სწავლების შინაარსსა და ფორმას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.
ამ დოკუმენტს შეიმუშავებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ხოლო ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მასში განისაზღვრება ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნები, საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და თანაფარდობა, სავალდებულო და მაქსიმალური დატვირთვის რაოდენობა, საგნებისა და საგნობრივი ჯგუფების სწავლებისათვის აუცილებელი მინიმალური საათების რაოდენობა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები.
ეროვნული სასწავლო გეგმით განისაზღვრება თითოეული კლასის ან საფეხურის დასრულებისათვის მისაღწევი შედეგები, ანუ იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალი, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველ საგანში თუ საგნობრივ ჯგუფში კლასის ან საფეხურის დამთავრებისას. ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს აგრეთვე მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს შემდეგ საგნებსა და საგნობრივ ჯგუფებს:
ა) ქართული (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში — აფხაზური და ქართული) ენა და ლიტერატურა;
ბ) საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები
გ) მათემატიკა
დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
ე) უცხოური ენები;
ვ) ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდა.
ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისთვის ტ.1, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2007
- დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024 დაარქივებული 2019-07-01 საიტზე Wayback Machine.
- საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024 დაარქივებული 2019-07-01 საიტზე Wayback Machine.
- ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის პუბლიკაციები
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი[მკვდარი ბმული]
- განათლების თანამედროვე ტექნოლოგიები