ერიტრეის მთიანეთი

ერიტრეის მთიანეთი — სამხრეთით მდებარე ეთიოპიის მთიანეთის გაგრძელება.

ერიტრეის მთიანეთის ლანდშაფტი

იტალიის კოლონიზაციის დროიდან, რომელიც დაიწყო XIX საუკუნის ბოლოს, ამ რეგიონში შეიმჩნევა ტყის მასივების მნიშვნელოვანი შემცირება. ერიტრეის მთიანეთს განსაკუთრებით ემუქრება ტყის მასივების შემცირებასთან დაკავშირებული ნიადაგის ეროზია. ამას გარდა, ეს რეგიონი, რომელიც მდებარეობს საჰელის სამხრეთით, შეიცავს გაუდაბნოების და ხშირი გვალვების რისკს.

მთიანეთში, როგორც ტროპიკული რეგიონების უმრავლესობაში, აღინიშნება ორი სეზონი: წვიმების სეზონი (კრემტი) ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, და მშრალი სეზონი სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით. მთიანეთში საშუალო ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 16 °C-ს. ერიტრეის მთიანეთში მდებარეობს ერიტრეის ყველაზე უფრო მაღალი მწვერვალი (სოირას მთა).

ერიტრეის მთიანეთში სათავეს იღებს ოთხი დიდი მდინარე, რომლებიც მიედინებიან სუდანის მიმართულებით, ასევე მთელი რიგი მცირე ზომის მდინარეები, რომლებიც ჩაედინებიან წითელ ზღვაში. სუდანის მიმართულებით მიედინებიან მდინარე ნილოსში ჩამავალი მდინარეები მერები და ტეკეზე, ასევე მდინარეები ბარკა და ანსება, რომლებიც ნილოსამდე ვერ აღწევენ. ერიტრეის აღმოსავლეთის ფერდოდან ჩამოედინება მრავალრიცხოვანი მცირე მდინარეები.

ბევრი მკვლევარი თვლის, რომ ერიტრეის მთიანეთის ტყის საფარი ადრე აღწევდა 30 %-ს, მაგრამ მას შემდეგ შემცირდა 1 %-მდე,[1] ხოლო სხვები, მათ შორის ლუიზა ლატი (Louise Latt), გამოთქვამენ აზრს, რომ სინამდვილეში ტყის საფარის ასეთი მკვეთრი შემცირება არ მომხდარა.[2] მთიანეთის აღმოსავლეთი კიდე მკვეთრად ეშვება წითელი ზღვის მიმართულებით, რის შედეგადაც ერთმანეთს კვეთავს ორი სახის კლიმატი. ეს რეგიონი ხშირად მოიხსენიება მრავალწლოვანი ტყის საფარის არსებობის გამო. ზუსტად ამ რეგიონში მოჰყავთ მერარას (Merara) სახეობის ერიტრეული ყავა.

ერიტრეის მთიანეთის ნიადაგის შემადგენლობა საკმაოდ რთულია. ჭარბობს ქრომისებური ნიადაგი, მუქი წითელი ფერის ეუტრიკული და კირქვის კამბისოლი. მთიანეთის ნიადაგის სხვა სახეობებს შორისაა — ლიტოსოლი, ქსეროსოლი და ფლუვისოლი.[3]

  1. Boerma, Pauline. "Assessing Forest Cover Change in Eritrea — A Historical Perspective" (PDF). Mountain Research and Development. Retrieved on 2007-01-17. დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2015-10-13.
  2. Louise Latt. "Eritrea Re-photographed: Landscape Changes in the Eritrean Highlands 1890-2004" (PDF). Retrieved on 2006-09-26. დაარქივებული 2006-03-04 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-03-04. ციტირების თარიღი: 2015-10-13.
  3. FOSA Country Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-23. ციტირების თარიღი: 2007-01-17.