ერიკ I საუკეთესო (დან. Erik 1. Ejegod; დ. 1060 — გ. 10 ივლისი, 1103) — ესტრიდსენთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე სვენ II-ის შუათანა ვაჟი. დანიის მეფე 1095-1103 წლებში. ტახტზე ავიდა თავისი სამი უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ.

ერიკ I
დანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 18 აგვისტო, 1095
მმართ. დასასრული: 10 ივლისი, 1103
წინამორბედი: ოლაფ I
მემკვიდრე: ნილსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1060
დაბ. ადგილი: ზელანდია, დანია
გარდ. თარიღი: 10 ივლისი, 1103, (42-43 წლის)
გარდ. ადგილი: პაფოსი, კვიპროსი
დაკრძ. ადგილი: პაფოსი, კვიპროსი
მეუღლე: ბოედილ თურგოტსდატერი
შვილები: კნუდ ლავარდი
ჰარალდ კესია
ერიკ II, დანიის მეფე
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: სვენ II, დანიის მეფე
დედა: უცნობი საყვარელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ერიკი დაიბადა ქალაქ სლანგერაპში, დანიის მფლობელობაში მყოფ კუნძულ ზელანდიის ჩრდილოეთში. იგი იყო დანიის მეფე სვენ II-ის ერთ-ერთი უკანონო ვაჟი ცხრამეტიდან, რომელთა დედების ვინაობაც დღემდე უცნობია. 1076 წელს, მამამისის დაღუპვის შემდეგ მისი ძმა, ჰარალდ III გამეფდა, რომელიც მალევე, 1080 წელს უშვილოდ დაიღუპა, ამიტომაც ტახტზე მეორე ძმა, კნუდ IV ავიდა, რომელიც 1086 წელს მათმა კიდევ ერთმა ძმამ, ოლაფ I-მა მოკლა, მისი ცოლ-შვილი კი ქვეყნიდან გააძევა. მისი მმართველობა შიმშილობითა და არეულობით ხასიათდებოდა, რის გამოც, 1095 წელს იგი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ოლაფს მხოლოდ ერთი ასული დარჩა, რის გამოც დანიის მეფე ერიკ I გახდა. ოლაფის უსამართლო და არაეფექტური მმართველობის შემდეგ, დანიელ ხალხს ძალიან შეუყვარდა ერიკი, რომელსაც მისი კეთილშობილებისა და პატრიოტიზმის გამო „საუკეთესო“ შეარქვეს.

როგორც მისი თანამედროვე მემატიანეები აღწერენ, ერიკი ხალხთან ძალიან უშუალო იყო და ხშირად გამოდიოდა სიტყვით. ასევე ცნობილია, რომ მის გამოსვლებზე დასასწრებად ყოველთვის უამრავი ადამიანი მიდიოდა. აღსანიშნავია, რომ ერიკი არც თუ ისე იშვიათად, პირადად დადიოდა ოჯახებში და ისმენდა მათ გასაჭირს. ამ ყოველივემ, ცხადია მას საოცარი რეპუტაცია შეუქმნა, რამაც მისი მმართველობა წინა მეფეებთან შედარებით უფრო უშფოთველი გახადა. ამის მიუხედავად, მას მაინც მოუხდა რამდენიმე შეტაკება ადგილობრივ მაგნატებთან, რომლებიც მეკობრეებისა და მძარცველების რეპუტაციით უფრო სარგებლობდნენ.

მეტად მორწმუნე ერიკს, ყოველთვის სურდა წმინდა მიწის მოლოცვა, რის გამოც, ტახტზე ასვლიდან რამდენიმე წელში იგი სამხრეთისკენ დაიძრა, ქვეყნის მმართველებად კი თავისი ვაჟი, ჰარალდი და ასერის ეპისკოპოსი დანიშნა. პალესტინამდე, მან იტალიაში შეიარა, სადაც რომის პაპს შეხვდა და გადაჭრა დანიის არქიეპისკოპოსთან დაკავშირებული პრობლემა.

რომამდე მან ჯერ რუსეთში გაიარა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიდა რომში, საიდანაც ბიზანტიაში გადავიდა, კონსტანტინოპოლში შეიარა და თავად იმპერატორს ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლში იგი მძიმედ დაავადდა, ერიკმა გემით კვიპროსისკენ მაინც გააგრძელა სვლა. იგი სწორედ კვიპროსში, 1103 წელს გარდაიცვალა, ქალაქ პაფოსში. მისი ცოლის, დედოფალ ბოედილის ბრძანებით იგი დანიაში არ გადაასვენეს და იქვე დაკრძალეს. იგი იყო პირველი მეფე, რომელიც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ იერუსალიმში მოსალოცად მიდიოდა. ამის შემდეგ თავად დედოფალმა ბოედილმაც გადაწყვიტა იერუსალიმში ჩასვლა. მართალია ქმრისგან განსხვავებით მან ჩააღწია დანიშნულების ადგილამდე, თუმცა იგი აქ ძალიან მალე დაავადდა და გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Sifakis, Carl (1984). The Dictionary of Historic Nicknames. Facts on File Publications. ISBN 0-87196-561-5.
  • Dunham, Samuel (1839). The cabinet cyclopaedia: History of Denmark, Sweden, and Norway, Vol. 2. Longman, Orme, Brown, Green & Longmans and John Taylor.
  • Eiríkr, Magnússon; Morris, William (1905). The Saga Library, Vol. 6. B. Quaritch.
  • Vigfússon, Guðbrandur; Sæmunder, Edda; Powell, Frederick York (1883). Corpus Poeticvm Boreale: The Poetry of the Old Northern Tongue, from the Earliest Times to the Thirteenth Century, Vol. 2. Clarendon Press.
  • "Denmark and Cyprus pay tribute to 12th century king". Reuters. 26 March 2008. Retrieved 2008-03-27.