კნუდ IV (დან. Knud 4.), აგრეთვე ცნობილია როგორც წმინდა კნუდი (დან. Sankt Knud; დ. 1042 — გ. 10 ივლისი, 1086) — ესტრიდსენთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე სვენ II-ის უკანონო ვაჟი. ტახტზე ავიდა თავისი ძმის, ჰარალდ III-ის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ. ახლო ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპთან და პრეტენზიას აცხადებდა ინგლისის ტახტზე. 1086 წელს იგი ამბოხებულებმა მოკლეს, რის შემდეგაც გახდა დანიის პირველი მონარქი, რომელიც წმინდანად იქნა შერაცხული. მოგვიანებით, 1101 წელს, რომის პაპმა იგი დანიის მფარველ წმინდანად გამოაცხადა.

კნუდ IV
დანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 17 აპრილი, 1080
მმართ. დასასრული: 10 ივლისი, 1086
წინამორბედი: ჰარალდ III
მემკვიდრე: ოლაფ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1042
გარდ. თარიღი: 10 ივლისი, 1086
დაკრძ. ადგილი: ოდენსე, დანია
მეუღლე: ადელა ფლანდრიელი
შვილები: შარლ I, ფლანდრიის გრაფი
სესილია
ინგეგერდი
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: სვენ II, დანიის მეფე
დედა: უცნობი საყვარელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კნუდი დაიბადა 1042 წელს დანიაში. იგი იყო დანიის მეფე სვენ II-ის ერთ-ერთი უკანონო შვილი ცხრამეტიდან, რომელიც მას სხვადასხვა საყვარლებისგან ჰყავდა. 1076 წელს დანიის მეფე მისი უფროსი ძმა, ჰარალდ III გახდა, რა დროსაც კნუდი ცდილობდა სამეფო ხელისუფლების განმტკიცებასა და ცენტრალიზაციას. ვინაიდან ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა ეკლესიასთან, იგი ხშირად იღებდა ეპისკოპოსებისაგან მხარდაჭერას.

ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, მან გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საშობაო პერიოდი 20 დეკემბრიდან 13 იანვრამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ეს ბრძანება სისრულეში არ მოუყვანიათ.

 
კნუდის მკვლელობა

ამ პერიოდში იგი ცოლად ირთავს ფლანდრიის გრაფის ასულ ადელას, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა.

1080 წელს ჰარალდის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ, დანიის მეფე კნუდ IV ხდება, რომელმაც 1086 დიდი ჯარების შეკრება დაიწყო და ინგლისში შეიჭრა. მას ინგლისის ტახტზე ჰქონდა პრეტენზია, თუმცა კნუდის ამ წარუმატებელ სამხედრო კამპანიას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა საზოგადოებაში. სულ მალე ის და მისი ძმა, ბენედიქტე ამბოხებულებმა ჩახოცეს წმინდა ალბანის ეკლესიაში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ოდენსეში, მისსავე აგებულ ბაზილიკაში.

მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ძმა ავიდა, კნუდის ცოლი კი მშობლიურ ფლანდრიაში გაიქცა შვილებთან ერთად, სადაც მათი ვაჟი, შარლ I ფლანდრიის გრაფი გახდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • The Oxford Illustrated History of the Vikings. Ed., Peter Sawyer. Oxford University Press, New York, 1997. Chapter Seven: "The Danish Empire and the End of the Viking Age" by Niels Lund. The quote is from page 181.
  • The Oxford Dictionary of Saints. Ed David High Farmer. Oxford University Press, 2004. See the entry on St Canute.