ნილსი (დანიის მეფე)

ნილს დანიელი (დან. Niels af Danmark; დ. 1065 — გ. 25 ივნისი, 1134) — ესტრიდსენების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე სვენ II-ის შუათანა ვაჟი. დანიის მეფე 1103-34 წლებში, ტახტზე ავიდა თავისი ოთხი უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ. თავისი ვაჟი, მაგნუს I შვედეთის ტახტზე დასვა, რის მისაღწევადაც თავისი ძმის შვილის, კნუდ ლავარდის მოკვლა მოუწია. მის მმართველობას მხარს უჭერდა სამღვდელოებაც, თუმცა იგი სამოქალაქო ომში მოკლა მისმა ძმის შვილმა ერიკ II-მ.

ნილსი
დანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 10 ივლისი, 1103
მმართ. დასასრული: 25 ივნისი, 1134
წინამორბედი: ერიკ I
მემკვიდრე: ერიკ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1065
გარდ. თარიღი: 25 ივნისი, 1134, (68-69 წლის)
მეუღლე: მარგარეტ ფრედკულა
ულვჰილდა ჰააკანსდოტერი
შვილები: მაგნუს I, შვედეთის მეფე
დინასტია: ესტრიდზენები
მამა: სვენ II, დანიის მეფე
დედა: უცნობი საყვარელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნილსი დაიბადა 1065 წელს. იგი იყო დანიის მეფე სვენ II-ის ერთ-ერთი უკანონო შვილი ცხრამეტიდან, რომლებიც მას სხვადასხვა უცნობი საყვარლისაგან ჰყავდა. 1076 წელს, სვენის დაღუპვის შემდეგ ტახტზე ნილსის ძმა, ჰარალდ III ავიდა, რომელიც 1080 წელს უშვილოდ დაიღუპა, ამიტომაც ტახტზე მისი მეორე ძმა, კნუდ IV ავიდა. კნუდი 1086 წელს მათმა კიდევ ერთმა ძმამ, ოლაფმა მოკლა, მისი ცოლ-შვილი კი ფლანდრიაში გააძევა, ამის შემდეგ მეფე მისი ძმა ოლაფ I გახდა, რომელიც 1095 წელს საეჭვო ვითარებაში მოკვდა, თანაც ისე, რომ მემკვიდრე არ დარჩა, ამიტომაც ტახტზე ნილსის კიდევ ერთი ძმა, ერიკ I ავიდა, რომელიც კვიპროსში, იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე 1103 წელს გარდაიცვალა. მართალია ერიკს ორი ვაჟი დარჩა, თუმცა ტახტზე მაინც ნილსი ავიდა. მან 1105 წელს ცოლად შვედეთის მეფე ინგე I-ის ასული, ნორვეგიის მეფე მაგნუს III-ის ქვრივი — მარგარეტ ფრედკულა შეირთო.

ნილსის მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი მეფობის დროის უმეტეს ნაწილში, დანიაში მშვიდობა სუფევდა. მისი თანამედროვე მემატიანე მას აღწერს როგორც რბილ და მომთმენ, თუმცა არა კომპეტენტურ მმართველს. მან განახორციელა სამხედრო რეფორმა, რომლის მიხედვითაც ყველა ვაჟს უნდა ემსახურა სამხედრო სამსახურში, განურჩევლად წოდებისა. ამის გამო, ჯარში გაწევრიანდნენ ნილსის ვაჟიცა და მისი ძმისწულებიც. ნილსი მხარს უჭერდა კათოლიკურ ეკლესიას და მას აფინანსებდა კიდევაც, სანაცვლოდ კი თავისი მმართველობის გამყარებას სთხოვდა. მას ეკლესიის დახმარებით საკუთარი ძალაუფლების გაზრდა სურდა. მან უარი განაცხადა პოლონეთის წინააღმდეგ ალიანსში გაწევრიანებაზე და ამის დემონსტრაციულად, თავისი ვაჟი პოლონეთის პრინცესა რიჩეზაზე დააქორწინა. მისი ვაჟი 1125 წელს დედის მემკვიდრეობით შვედეთის მეფე გახდა როგორც მაგნუს I.

ნილსის მეუღლე, დედოფალი მარგარეტი 1128 ან 1129 წელს გარდაიცვალა, რის გამოც, 1130 წელს მაგნუს I-ის მმართველობა შვედეთში დიდად შეირყა. ოცდაექვსწლიანი მშვიდობის შედეგ, დანიაში კვლავ გაჩნდა კონფლიქტი მეფე ნილსსა და მისი ძმის, ერიკ I-ის უფროს ვაჟს, კნუდ ლავარდს შორის. კნუდი დიდი პოპულარობით სარგებლობდა შლეზვიგის საჰერცოგოში, სადაც იგი ერლი იყო და ამავდროულად ნილსის მემკვიდრედ განიხილებოდა. ამის გამო, 1131 წლის 7 იანვარს, ნილსი დიდი ჯარებით შევიდა შლეზვიგში და უბრალოდ მოკლა კნუდი, რის შემდეგაც თავის პირველ მემკვიდრედ მაგნუსი დაასახელა. ამ ყოველივეს კნუდის ძმის, ერიკის განრისხება და დანიის სამოქალაქო ომის დაწყება მოჰყვა. ნილსს ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა იუტლანდში და ეკლესიაც მის მხარეს იყო. ნილსმა გერმანელთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მხარი დაუჭირა ჰამბურგ-ბრემენის ეპარქიების გერმანიის არქისაეპისკოპოში გაერთიანებას.

ერიკი, რომელსაც დანიაში არც ისე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ნილსს ომი გამოუცხადა და 1134 წელს სკონეს ბრძოლაში გამოიწვია. ამ ბრძოლაში ერიკმა დაამარცხა ნილსისა და მაგნუსის დანიურ-შვედური ლაშქარი. გადამწყვეტი ბრძოლა 1134 წლის 4 ივნისს მოხდა ფოტევიკთან, სადაც სამეფო არმია კვლავ დამარცხდა, მეფე გადარჩა, მაგნუსი კი მოკლეს. ნილსმა თავშესაფარი საღვთო რომის იმპერატორ ლოთარ III-ს სთხოვა, თუმცა მასთან ჩასასვლელას აუცილებლად უნდა გაევლო შლეზვიგი, რომელიც ერიკის მთავარი მოკავშირე იყო. მიუხედავად ამისა, ნილსმა გარისკა და შლეზვიგში, სადაც 25 ივნისს ამბოხებულებმა მოკლეს ნილსი. ამის შემდეგ, დანიის მეფე უკვე ოფიციალურად გახდა ერიკ II.

ცოლები და შვილები

რედაქტირება

ნილსი პირველად დაქორწინდა შვედეთის მეფე ინგე I-ის ასულ მარგარეტ ფრედკულაზე, რომელიც ნორვეგიის მეფის ქვრივი იყო და რომელთანაც სამი შვილი შეეძინა:

  1. ინგე ნილსსენი, დაიღუპა ჩვილი;
  2. მაგნუს I, შვედეთის მეფე 1120-32 წლებში, დანიის მეფე კნუდ V-ის მამა;
  3. ინგერდა, ცოლად გაჰყვა კნუდ დიდის შთამომავალ ერლ უბე ესბერნსენს;

დედოფალ მარგარეტის დაღუპვის შემდეგ, ნილსი მეორედ დაქორწინდა შვედეთის მეფე ინგე II-ის ქვრივ ულვჰილდა ჰააკანსდოტერზე, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია. დედოფალი ულვჰილდა, ნილსის დაღუპვის შემდეგ მესამედ მისთხოვდა შვედეთის მეფე შვერკერ I-ს;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Stefan Pajung, Niels 1065–1134 Archived 19 July 2011 at the Wayback Machine, Aarhus University, 22 January 2010
  • Bricka, Carl Frederik, Dansk Biografisk Lexikon, vol. XII [Münch – Peirup], 1898, pp. 199–201. Available online
  • Kongerækken Archived 18 November 2009 at the Wayback Machine at The Danish Monarchy
  • Niels, konge af Danmark at Gyldendals Encyklopædi
  • "Gads Historie Leksikon", 3rd edition, Copenhagen, 2006. Entry: Svend Estridsen-sønner, Paul Ulff-Møller, p.637