კნუდ I დიდი

(გადამისამართდა გვერდიდან კნუდ დიდი)

კნუდ დიდი (დან. Knud 2. den Store, ინგლ. Canute I the Great, ნორვ. Knud den mektige) (დ. დაახლ. 995 — გ. 12 ნოემბერი, 1035, შეფტსბერი) — დანიის მეფე 1018 წლიდან, ინგლისისა 1016 წლიდან და ნორვეგიისა 1028 წლიდან. დანიის მეფის სვენ I წვერფიწალას ძე. მამასთან ერთად მონაწილეობდა ინგლისის დაპყრობაში (1013 წლიდან), სადაც გამეფდა ინგლისის ედმუნდ რკინისგვერდიანის სიკვდილის შემდეგ.

კნუდ დიდი

დანიაში გამეფდა თავისი ძმის, ჰარალდ II-ის სიკვდილის შემდეგ. ნორვეგიიდან გააძევა ოლაფ II ჰარალდსონი. X ს-ის მიწურულს იწყება დანიელთა ახალი შემოსევები ინგლისში. ამ დროს დანიისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფოს მეფე კნუდ დიდი იყო (995-1035). იგი ინგლისის მეფე 1016 წელს გახდა და სატახტო ქალაქად ლონდონი არჩია. მოსახლეობას კნუდმა დიდი გადასახადები დააკისრა. მან ინგლისი დანიის მსგავსად ოთხ რეგიონად დაყო: უესექსად, მერსიად, აღმოსავლეთ ინგლისად და ნოურთუმბრიად. ამგვარად მან საფუძველი ჩაუყარა ინგლისის ტერიტორიულ მოწყობას. მის დროს დაიწყო დანიაში ფულის რეგულარური ჭრა. ეყრდნობოდა წვრილ მიწათმფლობელობას, მფარველობდა სასულიერო წოდებას. შეადგინდა განსაკუთრებული რაზმი ტინგლიდი, რაც იყო რაინდობის ჩანასახი დანიაში. კნუდის გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა შინაომები, ძარცვა და მკვლელობები ჩვეულებრივ საქმედ აქციეს, რის გამოც მისი სახელმწიფო მალე დაიშალა. ინგლისში კვლავ უესექსელი მეფეები გაბატონდნენ. ნელ-ნელა მიმდინარეობდა დანიელებისა და ანგლო-საქსების დაახლოება. დანიელები გაქრისტიანდნენ, ხოლო ენითა და კულტურით ისინი დიდად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, რადგან ორივენი გერმანულ-სკანდინავიური სამყაროდან იყვნენ გამოსული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 564.
  • Hudson, B. T. (1992). „Cnut and the Scottish Kings“. The English Historical Review. 107: 350–60.
  • Lawson, M. K.. (2005)Cnut (d. 1035). Oxford Dictionary of National Biography. Oxford University Press.
  • Mack, Katharine (1984). „Changing Thegns: Cnut's Conquest and the English Aristocracy“. Albion. 16.4: 375–87.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება