ერთხმიანობა, მონოდია (ბერძ. μονῳδία [monodia] — „ერთი მომღერლის სიმღერა“) — მუსიკის ისეთი წყობა, რომელშიც მხოლოდ ერთი ხმა — მელოდია არსებობს.

მსოფლიოს მრავალი ერის მუსიკალურ-სააზროვნო სისტემას ერთხმიანობა წარმოადგენს. ერთხმიანი მუსიკალური ნაწარმოები სრულდება ერთი ხმის — მომღერალ-სოლისტის მიერ, შესაძლოა საკრავის თანხლებით. ერთხმიანი სიმღერა ორგვარია — ინდივიდუალური (სოლო) და გუნდური (უნისონი). ქართულ ხალხურ მუსიკაში ერთხმიანობა ძირითადად ინდივიდუალურია (გამონაკლისია სიმღერები „დალაჲ“, „გელინო“), რამდენიმე მომღერლის მონაწილეობა მაშინვე წარმოქმნის მრავალხმიანობის რომელიმე სახეს.

ინდივიდუალური ერთხმიანობა ახასიათებს „ნანას“, „ურმულს“, „ოროველას“ და დატირების ზოგიერთ ვარიანტს. გუნდური (უნისონური) ერთხმიანობა გვხვდება საქართველოს ისეთ რეგიონებში, სადაც შეიმჩნევა მეზობელი ხალხების კულტურის ზეგავლენა ან მრავალხმიანობის გაქრობის კვალი (მესხეთ-ჯავახეთი, ლაზეთი, ქვემო ქართლი).

ლიტერატურა

რედაქტირება