„ოროველა“ (ორელ, ოროელ, ოროველი, ორველი) — ქართული ხალხური შრომის სიმღერა. გავრცელებულია ქართლსა და კახეთში. უკავშირდება მიწისა და მოსავლის წარმართული ღვთაების ოროველის კულტს (მაგ., „ოროველ, ორმო ჩასთხარე ქვიანი, მოგვეც ბარაქა“). მღერიან გუთნით მიწის ხვნის, კალოზე პურის ლეწვისა და განიავების დროს. ამის მიხედვით სიმღერას სხვადასხვა სახელწოდებაც აქვს: გუთნური, კალოური, კევრული (ოროველა მათი ზოგადი სახელია). ამ სიმღერებს მსგავსი მეტრ-რიტმული ინტონაცია და პოეტური ტექსტი აქვთ. ოროველა ერთხმიანია (იშვიათად — ორხმიანი). ასრულებს მამაკაცთა ჯგუფი. გვხვდება სომხურ ფოლკლორშიც (ოროველ, აროველ, ორველ, რაველ, ოროლ, დოროლ); სომხური ოროველა მუსიკალური აღნაგობითა და სიტყვიერი ტექსტით ქართული ოროველას მსგავსია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მამალაძე თ., შრომის სიმღერები კახეთში, თბ., 1962;
  • ოქროშიძე თ., ქართული ხალხური შრომის პოეზია, თბ., 1963;
  • ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, ტ. 1, თბ., 1975;
  • ჩხიკვაძე გ., ქართული ხალხური მუსიკა, თბ., 1965;