ენისელის გრძელი გუბეების სამაროვანი
ენისელის გრძელი გუბეების სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ენისელში, მდინარეების - ალაზნისა და ინწობის ძველ შესართავთან, 0,2 კილომეტრზე. განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის შუა ხანებს. გაითხარა 1976 წელს.
სამაროვანზე გამოვლინდა 18 ორმოსამარხი. მათი ერთი ნაწილი აღმოჩნდა სახნავ მიწაზე და განადგურდა მიწის მოხვნის დროს. მეორე, მეტნაკლებად შემორჩენილი ნაწილი თიხნარ ფენაშია.
სამაროვნის ნიადაგმა ძვლები თითქმის არ შემოინახა, ამიტომ მიცვალებულის პოზის გარკვევა შეუძლებელია. ძეგლზე დადასტურდა: მსხვილმარცვლოვანი ქვიშანარევი თიხისგან და სუფთა, განლექილი თიხისგან ჩარხზე დამზადებული, მოყავისფროდ, მონაცრისფროდ და მოშავოდ გამომწვარი სხვადასხვა ორნამენტებით. შემკული ჭურჭელი: ლანგარი, ჯამი, ქვაბქოთანა, ქოთანი, ქილა, დოქი, დელგი, ხელადა, ტოლნა, კათხა, სასმისი, მათარა, ქვევრი, პირმოყრილი მცირე ჭურჭელი. იარაღ-საჭურველი წარმოდგენილია რკინის მოხრილი დანებით, მასრაგახსნილი, პირის ორივე მხარეს ქედიანი შუბისპირებით. სამკაულები - მრგვალგანივკვეთიანი მავთულისგან დამზადებული, თვეზიფხური ორნამენტით შემკული, ბრინჯაოს სამაჯურით, ერთი ჩქიფით, სხვადასხვა ფერის სარდიონის და პასტის სფერული ფორმის მძივებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- მენაბდე ც., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 400.