ენდემური ჩიყვი (adenomatous goiter, ასევე იოდდეფიციტური დაავადება[1]) — გარკვეული გეოგრაფიული რაიონების მცხოვრებთა დაავადება, რომელიც ვითარდება გარემოში იოდის უკმარისობის შედეგად; ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის გადიდებით.

ენდემური ჩიყვი
დარგი ენდოკრინოლოგია Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 6933
ICD-10 E00.-E02.
eMedicine eMedicine: med/1187

მიზეზები და რისკფაქტორები

რედაქტირება

დაავადების ძირითადი მიზეზია იოდის დეფიციტი ნიადაგში, წყალსა და საკვებში. დადგენილია, რომ ადამიანს დღე-ღამეში 100 მკგ-მდე იოდი სჭირდება. თუ ორგანიზმში მისი შეღწევა 50 მკგ-მდე შემცირდა, ვითარდება ენდემური ჩიყვი. თუმცა აღწერილია ენდემური ჩიყვის შემთხვევები ისეთ რეგიონებში, სადაც იოდის შემცველობა ნორმალურია. ასე რომ, ჩიყვის წარმოშობის მიზეზი მხოლოდ იოდის დეფიციტი არ არის. შესაძლოა, ადამიანი საჭირო რაოდენობით იღებდეს იოდს, მარამ მისგან ჰორმონთა წარმოქმნის პროცესი იყოს დარღვეული - იოდმა თიროქსინის წარმოქმნამდე 4 სტადია უნდა გაიაროს. შესაძლოა, ჰორმონის წარმოქმნის რომელიმე სტადიაზე წარმოიშვას დეფექტი, რომელიც ხელს შეუშლის ჰორმონის წარმოქმნას. ამრიგად, ენდემური ჩიყვის განვითარებას იოდის დეფიციტთან ერთად სხვა ფაქტორებიც უწყობს ხელს. მათ შორის - არარაციონული კვება (ცილების უკმარისობა), საკვებში სტრუმოგენული ნივთიერებების მოხვედრა (თიაოციანიტები), ან ისეთი მიკროელემენტების დეფიციტი, როგორიცაა ბრომი, თუთია, კობალტი, სპილენძი, მოლიბდენი და ისეთი ნივთიერებების სიჭარბე, როგორებიცაა კალციუმი, ფთორი, ქრომი, მაგნიუმი. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ნივთიერებებს შორის თანაფარდობას. ყოველივე ამის გამო ორგანიზმში მოხვედრილი იოდიდების ორგანულ იოდად გარდაქმნა ბრკოლდება და მცირდება იოდირებული ჰორმონების სინთეზი.

ენდემური ჩიყვის განვითარებაში გენეტიკურ ფაქტორებსაც მიუძღვის წვლილი – ჩიყვი უფრო ხშირად იმ ბავშვებს ემართებათ, რომელთა მშობლებსაც ეს დაავადება ჰქონდათ.

ჩიყვის სახეები

რედაქტირება

ფარისებრი ჯირკვლის სიდიდის, მოყვანილობის, კვანძების არსებობის კვალობაზე, განასხვავებენ ჩიყვის დიფუზურ (ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის თანაბარი გადიდება), კვანძოვან (გადიდებულია ჯირკვლის გარკვეული უბანი, დანარჩენი ნორმის ფარგლებშია) და შერეულ (დიფუზურ-კვანძოვანი ჩიყვი - მთელი ჯირკვალი დიდდება და კვანძებიც წარმოიქმნება) ფორმებს. ჯირკვლის ფუნქციის მიხედვით კი - ეუთირეოიდულს (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დარღვეული არ არის) და ჰიპერთირეოიდულს (ფუნქცია დაქვეითებულია), შედარებით იშვიათია ჰიპოთირეოიდული ფორმა (ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიკური ადენომა).

სიმპტომები და მიმდინარეობა

რედაქტირება

ენდემური ჩიყვის შედარებით მსუბუქი ფორმების დროს ავადმყოფს შეიძლება აწუხებდეს ზოგადი ხასიათის არასპეციფიკური მოვლენები: საერთო სისუსტე, აგზნებადობა, ემოციური ლაბილურობა, შეტევითი ხასიათის წამოხურვება, ოფლიანობა, დროდადრო - გულისცემის აჩქარება, ქალებს შეიძლება მენსტრუალური ციკლი და შვილოსნობის ფუნქცია დაერღვეთ.

ენდემური ჩიყვის კლინიკური გამოვლენა ენდემიის ხარისხზე, ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ფორმაზე, მის მდებარეობასა და ფუნქციურ აქტივობაზეა დამოკიდებული. როცა ეუთირეოიდული ჩიყვი მცირე ზომისაა, ავადმყოფს ჩივილები ზოგჯერ არც კი აქვს, ზოგჯერ კი ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, გულის არეში უსიამოვნო შეგრძნება აწუხებს. მკვეთრად გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი მეზობელ ორგანოებს აწვება, რასაც ხველა, ყლაპვისა და სუნთქვვის გაძნელება მოჰყვება. სისხლძარღვებზე ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის დარღვევა და გულის მარჯვენა ნახევრის გადიდება, ე.წ. ჩიყვისმიერი გული. ჰიპოთირეოიდული ენდემური ჩიყვის დროს ვითარდება ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექტი: საერთო სისუსტე, აპათია, წონის მატება, კანის სიმშრალე, ბრადიკარდია, ყაბზობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წიგნი ჯანმრთელობაზე: ენდოკრინოლოგია, ტ. 1, თბილისი: პალიტრა L, 2022. — გვ. 101-103, ISBN 9789941355103.