ელიზბარ წითლანაძე
ელიზბარ წითლანაძე (დ.14 ივლისი, 1912, ბორჯომი — გ.7 ნოემბერი, 1982) — ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერების დოქტორი (1951), პროფესორი (1955).
ელიზბარ წითლანაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 ივლისი, 1912 (112 წლის) |
დაბ. ადგილი | ბორჯომი |
მოქალაქეობა |
საქართველო სსრკ |
საქმიანობა | მათემატიკოსი |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] |
1933 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1937 წლიდან მუშაობას იწყებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე, პარალელურად კითხულობს ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1944-1945 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია დაუსწრებელი სწავლების დარგში. 1945-1947 წლებში მუშაობს მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკურ ინსტიტუტში უმაღლესი მათემატიკის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. 1947-1955 წლებში თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის კათედრის გამგეა, ხოლო 1955 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მათემატიკის კათედრას. აღზარდა სტუდენტთა და ასპირანტთა ღირსეული თაობები. 1969-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტის დეკანი.
პროფესორი ელიზბარ წითლანაძე პირველი ქართველი მათემატიკოსია, რომელმაც გაშალა თბილისში ნაყოფიერი მუშაობა ფუნქციონალური ანალიზის მიმართულებით. მისი სამეცნიერო ინტერესები ძირითადად ეხება არაწრფივ ფუნქციონალურ ანალიზს, ვარიაციათა აღრიცხვას და არაწრფივ ინტეგრალურ განტოლებათა მნიშვნელოვან პრობლემებს. თანაავტორია მონოგრაფიის „ფუნქციონალური ანალიზი“, რომელიც მოსკოვში გამოიცა 1964 წელს. ეს მონოგრაფია თარგმნილია სხვადასხვა უცხოურ ენაზე. ავტორია ქართულ ენაზე გამოცემული მონოგრაფიის „ფუნქციონალური ანალიზის საფუძვლები“. ამვე წლებში დაიბეჭდა მისი მესამე მონოგრაფია „თანამედროვე არაწრფივი ანალიზის ზოგიერთი ამოცანა“. ელიზბარ წითლანაძე დიდ ყურადღებას აქცევდა ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების შექმნას. პროფესორი ვლადიმერ ჭელიძესთან ერთად იგი ავტორია ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოსი „მათემატიკური ანალიზის კურსი“ ორ ტომად. იგი ამ სახელმძღვანელოს მესამე ტომის ავტორია. ძირითადი შრომები მიუძღვნა ფუნქციონალურ ანალიზსა და გლობალურ ვარიაციათა აღრიცხვას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 323.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.