ელეონორა ნეაპოლელი

ელეონორა ნეაპოლელი (იტალ. Eleonora di Napoli), აგრეთვე ცნობილია, როგორც ელეონორა არაგონელი (იტალ. Eleonora d'Aragona; დ. 22 ივნისი, 1450, ნეაპოლი, იტალია — გ. 11 ოქტომბერი, 1493, ფერარა, იტალია) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I-ის ქალიშვილი. ფერარის, მოდენისა და რეჯიოს პირველი ჰერცოგინია 1473-1493 წლებში, როგორც ერკოლე I-ის მეუღლე. ჰერცოგ ალფონსო I-ის დედა.

ელეონორა ნეაპოლელი
ფერარის, მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 3 ივლისი, 1473
მმართ. დასასრული: 11 ოქტომბერი, 1493
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: ლუკრეცია ბორჯია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ივნისი, 1450
დაბ. ადგილი: ნეაპოლი, იტალია
გარდ. თარიღი: 11 ოქტომბერი, 1493, (43 წლის)
გარდ. ადგილი: ფერარა, იტალია
მეუღლე: სფორცა მარია სფორცა
ერკოლე I, ფერარის ჰერცოგი
შვილები: იზაბელა, მანტუის მარკიზა
ბეატრიჩე, მილანის ჰერცოგინია
ალფონსო I, ფერარის ჰერცოგი
იპოლიტო, კარდინალი
დინასტია: ტრასტამარები
მამა: ფერდინანდ I, ნეაპოლის მეფე
დედა: იზაბელა კლერმონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ელეონორა დაიბადა 1450 წლის 22 ივნისს ნეაპოლში. იგი იყო ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ იზაბელა კლერმონელის ქალიშვილი. იგი მათი მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი იყო, თუმცა ასევე ჰყავდა ექვსი და-ძმა. მისი ბავშვობისა და მოზარდობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ჩვენამდე მოღწეულია ცნობები მხოლოდ იმაზე, რომ იგი ნეაპოლში იზრდებოდა და ადრეულ ასაკში დაქორწინებული იყო სფორცა მარია სფორცაზე.

ფერარის ჰერცოგინია

რედაქტირება

1473 წლის ივლისში ელეონორა მეორედ დააქორწინეს ფერარის, მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ ერკოლე I-ზე. უცნობია, თუ რა ბედი ეწია მის პირველ ქმარს, ან რა გახდა მათი ქორწინების დასრულების მიზეზი, თუმცა მათ საერთო შვილები არ ჰყოლიათ. იმ პერიოდისათვის ერკოლეს იტალიაში არც ისე კარგი ავტორიტეტი ჰქონდა, იგი ჰერცოგი მხოლოდ 1471 წელს, თავისი ძმის, ბორსოს გარდაცვალების შემდეგ გახდა და ვარაუდობდნენ, რომ იგი მისი მიზეზით გარდაიცვალა, რის გამოც მას „არაკეთილსინდისიერი და ბოროტი მმართველის“ სახელი ჰქონდა.

ცნობილია, რომ ნეაპოლიდან ფერარაში დასაქორწინებლად მიმავალი ელეონორა, როდესაც რომში გაიარა, დიდი პატივითა და ზეიმით მიიღო კარდინალმა როდრიგო ბორჯიამ. როგორც ცნობილია, რომში სურდათ, რომ ნეაპოლის პრინცესაზე განსაკუთრებულად კარგი შთაბეჭდილება მოეხდინათ. მამასთან გაგზავნილ წერილში ელეონორა იტყობინებოდა, რომ მის პატივსაცემად გამართული ზეიმი რომში ექვს საათს გაგრძელდა, კერძებს უსასრულოდ ამატებდნენ და ამატებდნენ, რასაც თან ახლდა ცეკვა, მუსიკა და პოეზია. იგი გაკვირვებული წერდა: „ნუთუ ეკლესიის საგანძურს ასე იყენებენ?!“. არსებობს ეჭვი, რომ ბორჯია მას ასეთი პატივით იმიტომ დახვდა, რომ სურდა პრინცესის სიმპათიის მოპოვებით მეტი პოლიტიკური ძალაუფლება მიეღო.

ქმრის ცუდი ხასიათის მიუხედავად, მემატიანეები ამტკიცებენ, რომ ელეონორა აქტიური და ერთგული მეუღლე იყო. ცნობილია ისიც, რომ ხშირად ქვეყანას ქმრის ნაცვლად თავადაც მართავდა. 1482-84 წლებში, ვენეციასთან ომის გამო ერკოლე ფერარაში არ იმყოფებოდა და მთელი ძალაუფლება ელეონორას ჰქონდა. ნეაპოლის სამეფო კარზე აღზრდილ პრინცესას ფერარელები ხშირად აქებდნენ მისი „გამჭრიახობისა და საღი აზროვნების“ გამო.

გარდაცვალება

რედაქტირება

ელეონორა გარდაიცვალა 1493 წლის 11 ოქტომბერს ფერარაში, 43 წლის ასაკში. უცნობია მისი გარდაცვალების მიზეზი და გარემოებები, თუმცა სიცოცხლის ბოლო პერიოდში იგი არაერთი დაავადებით იტანჯებოდა. აღსანიშნავია, რომ მისი გარდაცვალება მისმა ვაჟმა ალფონსომ, რომელიც ყოველთვის ახლოს იყო დედასთან და ამ დროს მხოლოდ 17 წლის იყო, ძალიან განიცადა. რამდენიმე წელიწადში დაიღუპა ელეონორას ქალიშვილი, ბეატრიჩეც, რომელთანაც ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდა ალფონსოს. მემატიანეთა მტკიცებით სწორედ დედისა და დის დაკარგვის შემდეგ გახდა ალფონსო ცივი ხასიათის კაცი, რის გამოც მას უიღბლო ქორწინება ჰქონდა ლუკრეცია ბორჯიასთან, რომლისადმიც ინტერესს ფაქტობრივად არასოდეს იჩენდა.

ელეონორას მეორე ქმრისაგან ექვსი შვილი ჰყავდა:

  1. იზაბელა (1474-1539), ცოლად გაჰყვა მანტუის მარკიზ ფრანჩესკო II-ს, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი. მოიაზრება, რომ და ვინჩის ცნობილ ტილოზე მონა ლიზა სწორედ ისაა გამოსახული;
  2. ბეატრიჩე (1475-1497), ცოლად გაჰყვა მილანის ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცას, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი, გადაჰყვა მშობიარობას;
  3. ალფონსო (1476-1534), ფერარის, მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი. პირველად იქორწინა ანა სფორცაზე, რომლის დაღუპვის შემდეგაც ცოლად შეირთო ლუკრეცია ბორჯია, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის მომავალი ჰერცოგი. ლუკრეციას დაღუპვის შემდეგ იქორწინა თავის საყვარელ ლაურა დიანტიზე;
  4. ფერანტე (1477-1540), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  5. იპოლიტო (1479-1520), კარდინალ-დიაკვანი;
  6. სიგიზმონდო (1480-1524), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hibbert, Christopher. The Borgias and Their Enemies: 1431-1519. Orlando: Harcourt, 2008.
  • "DIOMEDE CARAFA (1406?-1487), De Boni Principis Officiis [De Regentis Et Boni Principis Officiis], Translation from the Italian by BATTISTA GUARINI." Carafa Renaissance Manuscripts Guarini.
  • Marek, George R. The Bed and the Throne: The Life of Isabella D'Este. New York: Harper & Row, 1976
  • Lewis, Francis-Ames: Isabella and Leonardo. Yale University Press (New Haven) 2012
  • Franklin, Margaret Ann. Boccaccio's Heroines: Power and Virtue in Renaissance Society. Burlington: Ashgate, 2006.
  • Bizzarri, Claudia. "Il principe umanista". Medioevo
  • Commire, Anne, and Deborah Klezmer. Women in World History: A Biographical Encyclopedia. Waterford, Conn.: Yorkin Publ., 1999.