იზაბელა კლერმონელი

იზაბელა კლერმონელი (ფრანგ. Isabelle de Clairmont), აგრეთვე ცნობილია, როგორც იზაბელა ტარანტოელი (იტალ. Isabella di Taranto; დ. იანვარი, 1424, ტარანტო, იტალია ― გ. 30 მარტი, 1465, ნეაპოლი, იტალია) ― ნეაპოლის დედოფალი 1458-1465 წლებში, როგორც მეფე ფერდინანდ I-ის პირველი მეუღლე. ტარანტოს პრინცესა 1463-1465 წლებში. წარმოშობით ფრანგი იტალიელი დიდგვაროვანი. ნეაპოლის ორი მეფის: ალფონსო II-ისა და ფედერიკო I-ის დედა, ასევე უნგრეთისა და ბოჰემიის ორგზის დედოფალ ბეატრიჩე ნეაპოლელის დედა.

იზაბელა კლერმონელი
ნეაპოლის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 27 ივნისი, 1458
მმართ. დასასრული: 30 მარტი, 1465
წინამორბედი: მარია კასტილიელი
მემკვიდრე: ხუანა არაგონელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: იანვარი, 1424
დაბ. ადგილი: ტარანტო, იტალია
გარდ. თარიღი: 30 მარტი, 1465, (40-41 წლის)
გარდ. ადგილი: ნეაპოლი, იტალია
მეუღლე: ფერდინანდ I, ნეაპოლის მეფე
შვილები: ალფონსო II, ნეაპოლის მეფე
ელეონორა, ფერარის ჰერცოგინია
ფედერიკო I, ნეაპოლის მეფე
ბეატრიჩე, უნგრეთის დედოფალი
მამა: ტრისტანი, კოპერტინოს გრაფი
დედა: კატერინა ტარანტოელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

იზაბელა დაიბადა 1424 წლის იანვარში, ქალაქ ტარანტოში. იგი იყო წარმოშობით ფრანგი დიდებულის, კოპერტინოს გრაფ ტრისტან კლერმონელისა და მისი იტალიელი მეუღლის, გრაფინია კატერინა ტარანტოელის ქალიშვილი. იზაბელა ტარანტოს უშვილო პრინც ჯოვანი ანტონიო დელ ბალცო ორსინის დისწული და, შესაბამისად, ტახტის მემკვიდრე იყო. აღსანიშნავია, რომ მისი დედის დედა, მარი ენგიენელი, ნეაპოლის დედოფალი იყო 1406-1414 წლებში.

1444 წლის 30 მაისს იზაბელა დააქორწინეს კალაბრიის ჰერცოგ ფერდინანდ არაგონელზე, რომელიც იყო არაგონისა და ნეაპოლის მეფე ალფონსო V-ის უკანონო, მაგრამ ერთადერთი შვილი. ალფონსომ ეს ქორწინება იმიტომ მოაწყო, რომ ნეაპოლის დატოვება ფერდინანდისათვის უნდოდა, მდიდარ და გავლენიან ნეაპოლიტანიელ ქალზე დაქორწინებით კი ადგილობრივები დიდებულების გულს უფრო მარტივად მოიგებდა, რამეთუ იგი არ იყო კანონიერი შვილი, ბევრი მას არ აღიარებდა მემკვიდრედ.

1458 წლის 27 ივნისს, ალფონსოს გარდაცვალების შემდეგ, ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I გახდა, რითაც იზაბელა დედოფლად გვევლინება. უკვე 1463 წელს, ბიძამისის გარდაცვალების შემდეგ, იზაბელა ტარანტოს პრინცესაც გახდა.

დედოფალ იზაბელაზე ბევრი არაფერია ცნობილი, რამეთუ იგი ერთობ აპოლიტიკური პიროვნება იყო. იგი 1465 წლის 30 მარტს გარდაიცვალა ნეაპოლში, 40-41 წლის ასაკში. მის შემდეგ ფერდინანდი მეორედ დაქორწინდა ინფანტა ხუანა არაგონელზე.

შვილები რედაქტირება

  1. ალფონსო II (1448-1495), ნეაპოლის მეფე, ცოლად შეირთო მილანის ჰერცოგის ასული იპოლიტა მარია სფორცა, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის ნეაპოლის მეფე ფერდინანდ II, მილანის ჰერცოგინია იზაბელა და სკვილეჩის ჰერცოგინია სანჩია;
  2. ელეონორა (1450-1493), ცოლად გაჰყვა ფერარის, მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ ერკოლე I დ’ესტეს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის მანტუის მარკიზა იზაბელა, მილანის ჰერცოგინია ბეატრიჩე და მომავალი ჰერცოგი ალფონსო I;
  3. ფედერიკო I (1452-1504), ნეაპოლის მეფე, იქორწინა ჯერ ანა სავოიელზე, შემდეგ იზაბელა დელ ბალცოზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  4. ჯოვანი (1456-1485), ესტერგომისა და ტარანტოს არქიეპისკოპოსი, კარდინალი;
  5. ბეატრიჩე (1457-1508), პირველად დაქორწინდა უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე მატიაშ ჰუნიადზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე ვლადისლავ II-ზე, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  6. ფრანჩესკო (1461-1486), სანტ-ანჯელოს ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Marcello Moscone, Isabella Chiaramonte, Regina di Napoli, Dizionario biografico degli italiani, vol. 62, 2004.