ფერდინანდ I (იტალ. Ferdinando I), აგრეთვე ცნობილია, როგორც ფერანტე (იტალ. Ferrante; დ. 2 ივნისი, 1423, ვალენსია, არაგონის სამეფო, ესპანეთი — გ. 25 იანვარი, 1494, ნეაპოლი, ნეაპოლის სამეფო, იტალია) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლის მეფე 1458-1494 წლებში. არაგონისა და ნეაპოლის მეფე ალფონსო V-ის უკანონო შვილი.

ფერდინანდ I
Ferdinando I Napoli.JPG
ნეაპოლის მეფე
კორონაცია: 16 აგვისტო, 1458
აპულია
მმართ. დასაწყისი: 27 ივნისი, 1458
მმართ. დასასრული: 25 იანვარი, 1494
წინამორბედი: ალფონსო I
მემკვიდრე: ალფონსო II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 ივნისი, 1423
დაბ. ადგილი: ვალენსია, არაგონის სამეფო
გარდ. თარიღი: 25 იანვარი, 1494, (70 წლის)
გარდ. ადგილი: ნეაპოლი, ნეაპოლის სამეფო
მეუღლე: იზაბელა კლერმონელი
(ქ. 1444 - გარდ. 1465)
ხუანა არაგონელი
(ქ. 1476)
შვილები: ალფონსო II, ნეაპოლის მეფე
ელეონორა, ფერარის ჰერცოგინია
ფედერიკო I, ნეაპოლის მეფე
ბეატრიჩე, უნგრეთის დედოფალი
ჯოვანა, ნეაპოლის დედოფალი
დინასტია: ტრასტამარები
მამა: ალფონსო V, არაგონის მეფე
დედა: ჯირალდონა კარლინო
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული ცხოვრებარედაქტირება

ფერდინანდი დაიბადა 1423 წლის 2 ივნისს ვალენსიაში. იგი იყო არაგონის ალფონსო V-ისა და მისი საყვარლის, ჯირალდონა კარლინოს უკანონო შვილი. 1442 წელს ალფონსო ნეაპოლის მეფე გახდა და თავის მემკვიდრედ ფერდინანდი დაასახელა. ვინაიდან მას ცოლთან, დედოფალ მარია კასტილიელთან შვილები არ ჰყავდა, ალფონსომ არაგონის მემკვიდრედ თავისი ძმა დაასახელა, ნეაპოლისად კი ფერდინანდი. ამის გამო 1444 წელს მან იგი ფრანგ დიდგვაროვან იზაბელა კლერმონელზე დააქორწინა, რათა მომავალი მემკვიდრე მალე გაჩენილიყო.

მეფობარედაქტირება

 
ფერდინანდის კორონაცია

1458 წელს, ანდერძის თანახმად, ალფონსოს გარდაცვალების შემდეგ ნეაპოლის ტახტი ფერდინანდ I-მა დაიკავა. ამ დროს იგი 35 წლის იყო. მალევე რომის პაპმა კალიქსტუს III-მ იგი კანონიერ მემკვიდრედ აღიარა და გამოაცხადა ტრასტამარას დინასტიის ნეაპოლის შტოს სუვერენულობა. აღსანიშნავია, რომ კალიქსტუსი ჯერ კიდევ მის კორონაციამდე გარდაიცვალა, თუმცა ახალმა პაპმა, პიუს II-მ იგი მალევე აღიარა სუვერენულ მონარქად.

1459 წელს ნეაპოლში ბარონების აჯანყებამ იფეთქა, რამაც მის მმართველობას საფრთხე შეუქმნა. ამბოხებულთა შორის იყო ტარანტოს პრინციც, ანუ ფერდინანდის ცოლის ბიძა. აჯანყებულებმა მალევე მეფობა შესთავაზეს წინამორბედი მეფის, რენეს ვაჟ ჟან ანჟუელს, ვალუას დინასტიიდან. გენუელების დახმარებით ჟანი მალევე შეიჭრა იტალიაში და რამდენიმე დღეში აიღო ქალაქი ნოჩერა. 1460 წლის 7 ივლისს ფერდინანდი ჟანმა ვეზუვის სამხრეთით მდებარე სარნოსთან გამართულ ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა. იგი კინაღამ ტყვედ ჩავარდა, თუმცა დაახლოებული მებრძოლების დახმარებით ამას გადაურჩა. სულ მალე ფერდინანდს მილანის ჰერცოგმა და რომის პაპმა ურბინოს ჰერცოგ ფედერიკო მონტეფელტროსა და კონდიტიერ ალესანდრო სფორცას მეთაურობით დამხმარე ჯარები გაუგზავნეს, თუმცა ჟანმა მათი დამარცხებაც მოახერხა.

 
ფერდინანდის გამოსახულებიანი ნეაპოლიტანური ოქროს მონეტა

ამ გამარჯვებების შემდეგ ჟანმა კამპანიის რეგიონი მთლიანად დაიკავა, თუმცა ნეაპოლზე თავდასხმას აჭიანურებდა, რითაც ფერდინანდმა ისარგებლა და მოასწრო ძალების აღდგენა. ფერდინანდის ცოლმა, დედოფალმა იზაბელამ მოახერხა რომ თავისი ნათესავი ორსინები და გენუის დოჟი გადმოებირებინა, რამაც ჟანს ძირითადი დასაყრდენი ხელიდან გამოაცალა. ამასთან, ფერდინანდს მალევე მიეშველა რომის პაპის, მილანის ჰერცოგისა და ალბანეთის მთავარ გეორგ კასტრიოტის ჯარები. მათ 1462 წლის 18 აგვისტოს მოახერხეს ჟანის სახმელეთო ძალების განადგურება ტროიასთან. 1465 წლის ივლისში ფერდინანდის ბიძაშვილის, არაგონის მეფე ხუან II-ის დახმარებით გაანადგურეს ჟანის საზღვაო ძალებიც, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა ტახტზე უარი ეთქვა და ლოთარინგიაში დაბრუნებულიყო. ამის შემდეგ მართალია ფერდინანდმა შეინარჩუნა ტახტი, თუმცა ბარონების მხრიდან მისდამი გარკვეული ანტიპათია კვლავ იგრძნობოდა.

 
ფერდინანდ I 1473 წელს

1478 წელს მან რომის პაპ სიქსტუს IV-თან ერთად ალიანსი გააფორმა ფლორენციის გაძლიერებული მმართველის, ლორენცო მედიჩის წინააღმდეგ, თუმცა ამ უკანასკნელმა ნეაპოლში დიდი ელჩობა მიავლინა და მოლაპარაკებების გზით ომის თავიდან აცილება მოხერხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტარანტოს პრინცი მეორედ აღარ აჯანყებულა, ფერდინანდისათვის იგი მაინც დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, თუმცაღა 1463 წელს მისმა ცოლმა, დედოფალმა იზაბელამ ბიძის დაღუპვის შემდეგ ტარანტოს სამთავრო მემკვიდრეობით მიიღო, რის გამოც ეს საფრთხე გაქრა.

1480 წელს ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ II-მ დაიპყრო ტარანტო და ამოხოცა მისი მოსახლეობის უმეტესობა, თუმცა მომდევნო წელს ფერდინანდის ძემ, ალფონსომ მოახერხა მისი გამოხსნა. 1482 წელს ფერდინანდ I რომის პაპ სიქსტუსთან, ასევე მილანისა და ფერარის ჰერცოგებთან ერთად ალიანსს ქმნის გაძლიერებული ვენეციის რესპუბლიკის წინააღმდეგ.

ფერდინანდის რეპრესიულმა მმართველობამ 1485 წელს ბარონების მეორე აჯანყება გამოიწვია. ამჯერად ამბოხებას ფრანჩესკო კოპოლა და სალერნოს მმართველი ანტონელო სანსევერინო ხელმძღვანელობდნენ, რომელთაც მხარს თავად რომის პაპი ინოკენტი VIII უჭერდა. საბოლოოდ ფერდინანდმა უსასტიკესად ჩაახშო აჯანყება, მიუხედავად იმისა, რომ მან ხელი მოაწერა ამბოხებულთა საყოველთაო ამნისტიის დოკუმენტს, მისივე ბრძანების ყველა აჯანყებული სიკვდილით დაისაჯა.

1491 წლის დეკემბერში ფერდინანდმა ნეაპოლში უმასპინძლა წმინდა მიწინდან სამშობლოში მიმავალ გერმანელ პილიგრიმებს, რომელთაც თავად ჰესენის ლანდგრაფი ვილჰელმ I ხელმძღვანელობდა.

იმავდროულად, 1493 წლიდან მილანის ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცას წაქეზებით საფრანგეთის მეფე შარლ VIII-მ ნეაპოლის მეფობაზე გამოთქვა პრეტენზია და იტალიაში შეჭრისთვის დაიწყო მზადება. იგი ცდილობდა, რომ ფრანგებს მომზადებული დახვედროდა, თუმცა მილანის ჰერცოგმაც და რომის პაპმა ალექსანდრე VI-მაც უარი თქვეს მასთან თანამშრომლობაზე.

ფერდინანდი 1494 წლის 25 იანვარს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა ნეაპოლში. ცნობილია, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი დიდი შფოთვა იყო, რამეთუ იგი ძალიან ნერვიულობდა ფრანგების მოსალოდნელი შემოჭრის გამო, რომელთან გამკლავებასაც რთულად თუ მოახერხებდა. მის შემდეგ ტახტს მისი ძე, ალფონსო II იკავებს, რომელიც დროებით მართლაც დაამხეს ფრანგებმა, თუმცა მან საბოლოოდ მაინც მოახერხა ტახტის დაბრუნება.

ქორწინებები და შვილებირედაქტირება

1444 წელს ფერდინანდი დაქორწინდა ფრანგ დიდგვაროვან იზაბელა კლერმონელზე, კოპერტინოს გრაფ ტრისტან კლერმონელისა და კატერინა ორსინის ქალიშვილზე, რომელიც 1465 წელს გარდაიცვალა. მასთან ფერდინანდს სულ ექვსი შვილი შეეძინა:

  1. ალფონსო II (1448-1495), ნეაპოლის მეფე, ცოლად შეირთო მილანის ჰერცოგის ასული იპოლიტა მარია სფორცა, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის ნეაპოლის მეფე ფერდინანდ II, მილანის ჰერცოგინია იზაბელა და სკვილეჩის ჰერცოგინია სანჩია;
  2. ელეონორა (1450-1493), ცოლად გაჰყვა ფერარის, მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ ერკოლე I დ’ესტეს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის მანტუის მარკიზა იზაბელა, მილანის ჰერცოგინია ბეატრიჩე და მომავალი ჰერცოგი ალფონსო I;
  3. ფედერიკო I (1452-1504), ნეაპოლის მეფე, იქორწინა ჯერ ანა სავოიელზე, შემდეგ იზაბელა დელ ბალცოზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  4. ჯოვანი (1456-1485), ესტერგომისა და ტარანტოს არქიეპისკოპოსი, კარდინალი;
  5. ბეატრიჩე (1457-1508), პირველად დაქორწინდა უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე მატიაშ ჰუნიადზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე ვლადისლავ II-ზე, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  6. ფრანჩესკო (1461-1486), სანტ-ანჯელოს ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

1476 წლის 14 სექტემბერს ფერდინანდი მეორედ დაქორწინდა ინფანტა ხუანა არაგონელზე, თავისი ბიძაშვილის, არაგონის მეფე ხუან II-ისა და დედოფალ ხუანა ენრიკესის ქალიშვილზე, მეფე ფერდინანდ II არაგონელის ნახევარ-დაზე, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი:

  1. ჯოვანა (1478-1518), ცოლად გაჰყვა თავის ძმისწულს, ნეაპოლის მეფე ფერდინანდ II-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. კარლო (1480-1486), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

გარდა ამისა, ფერდინანდს სხვადასხვა საყვარლისგან არაერთი უკანონო შვილი ჰყავდა:

  • ნეაპოლელი პატრიციის, დიანა გუარდატოსაგან ჰყავდა სამი უკანონო შვილი:
  1. ფერდინანდი (1494-1542), მონტალტოს ჰერცოგი, პირველად იქორწინა ანა სანსევერინოზე, მეორედ კასტელანა დე კარდონაზე;
  2. მარია, ცოლად გაჰყვა რომის პაპ პიუს III-ის ძმას, ამალფის ჰერცოგ ანტონიო პიკოლომინის;
  3. ჯოვანა, ცოლად გაჰყვა რომის პაპ იულიუს II-ის ძმას, არკისა და სორას გრაფ ლეონარდო დელა როვერეს;
  • დიდგვაროვან ეულალია რავინიანოსაგან ჰყავდა ერთი უკანონო ქალიშვილი:
  1. მარია, ცოლად გაჰყვა ჯან ჯორდანო ორსინის;
  • დიდგვაროვან ჯოვანა კარაჩოლოსაგან ჰყავდა ექვსი უკანონო შვილი:
  1. ფერდინანდი, არსენას გრაფი;
  2. არიჯო, გერაჩის მარკიზი;
  3. ჩეზარე, სანტა-აგატას მარკიზი;
  4. ელეონორა;
  5. ალფონსო (1460-1510), კვიპროსის უნაყოფო დედოფალ შარლოტას ტახტის მემკვიდრე, რომელიც იყო დანიშნული ან დაქორწინებული კარლა ლუზინიანზე, შარლოტას ნახევარ-ძმის ქალიშვილზე, თუმცა კატერინა კორნაროს ინტრიგების გამო მისი გამეფება ვერ მოხერხდა;
  6. ლუკრეცია, ცოლად გაჰყვა ალტამურას პრინც ონორატო III-ს;

ლიტერატურარედაქტირება

  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Ferdinand I. of Naples". Encyclopædia Britannica. 10 (11th ed.). Cambridge University Press. pp. 263–264.
  • Perez, Pablo A. (2013). "Los Hijos "De Madre no Conocida" en Chiloé (SIGLOS XVIII-XIX)". Revista de Historia de América (in Spanish). Pan American Institute of Geography and History. No. 148 enero-junio.
  • Williams, George L. (1998). Papal Genealogy: The Families and Descendants of the Popes. McFarland & Company, Inc.
  • Hill, George: A History of Cyprus , Cambridge University Press, Cambridge, England, 1948.
  • History of the City of Rome in the Middle Ages, p. 186.
  • Modern Europe, by Thomas Henry Dyer, Page 103-105.
  • Ottini L, Falchetti M, Marinozzi S, Angeletti LR, Fornaciari G (2010) Gene-environment interactions in the pre-Industrial Era: the cancer of King Ferrante I of Aragon (1431-1494). Hum. Pathol.