ელენე აბაშიძე
ელენე აბაშიძე (დ. 18 მარტი, 1922, ჭიათურა) — ქართველი გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგიის სპეციალობით.
განაწილებით მუშაობა დაიწყო სოფელი პერევისის საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ 1944 წელს. მუშაობდა თბილისის მოზარდთა სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად და პარალელურად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მეთოდისტად 1945-1946 წლებში. 1951-1962 წლებში წყვეტილად მუშაობდა განათლების სისტემაში, სატყეო მეურნეობის სამინისტროში მეთოდისტად, ამავე სამინისტროს მელიორაციულ ექსპედიციაში ჰიდროგეოლოგად, "კავკასნახშირგეოლოგიაში" ჰიდროგეოლოგად, რამაც განაპირობა მისი შემდგომი სპეციალიზაცია. ასპირანტურის კურსი გაიარა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გრუნტის მექანიკის განყოფილებაში, ჰიდროლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობით 1952-1956 წლებში. 1968-1982 წლებში მუშაობდა ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1989-1995 წლებში კი ეკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოში უფროს მეთოდისტად. მუშობა გააგრძელა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. საკანდიდატო დისერტაციაში წამოჭრა კარსტის შესწავლის პრობლემები, კერძოდ, მან პირველმა უარყო მეცნიერებაში დამკვიდრებული "ხსნადობის თეორია". სადოქტორო დისერტაციამ აღიარება მოუტანა ავტორს ამერიკის ბიბლიოგრაფიების საერთაშორისო ინსტიტუტში და მეცნიერ ქალთა ნამუშვრებს შორის "წლის ქალის" წოდება და სიგელი დაიმსახურა. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი. იკვლევდა საქართველოს კარსტულ უბნებში არსებული წყალსაცავების ფილტრაციულ საკითხებს. დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — "გლაუკონიტიანი კირქვების ხსნადობა კარსტის განვითარებასთან კავშირში შაორის კარსტული მხარის მაგალითზე" 1967 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაციის თემა — "კარბონატულ ქანებში კარსტის წარმოშობის ჰიდროქიმიური და ჰიდრო-დინამიური მექანიზმი" 1998 წელს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- წყალსაცავების ფუნდამენტში ფილტრაციისაგან ბეწვისოდენა სიგანის ნაპრალების დროში გაგანიერების ექსპერიმენტული მონაცემები და მისი განსაზღვრის მეთოდი - თბ., 2014, გვ. 28
- ეკოლოგიის საფუძვლების ზოგიერთი საკითხები, კითხვარების სახით - თბ., შპს "კაბადონი", 2001, გვ. 136
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი - თბ., 2003, გვ. 15