ედუარდ ფონ ტოლი (დ. 2 (14) მარტი1858, რეველი — გ. 1902, დაიკარგა უგზო-უკვლოდ) — გერმანული წარმოშობის რუსი ბარონი, გეოგრაფი და გეოლოგი. იკვლევდა არქტიკას. ოსტზეეს გერმანელების თავადური გვარიდან.

ედუარდ ფონ ტოლი
მშობლიური სახელი რუს. Эдуард Васильевич Толль
გერმ. Eduard Gustav Freiherr von Toll
დაბადების სახელი ედუარდ გუსტავ ფრაიჰერ ფონ ტოლი
დაბადების თარიღი 2 (14) მარტი1858
რეველი, ესტლანდიის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გაუჩინარდა 1902
აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ეთნიკურად გერმანელი
ალმა-მატერი დერპტის უნივერსიტეტი
საქმიანობა გეოგრაფი, გეოლოგი, მოგზაური, პოლარეთის მკვლევარი
ხელმოწერა

1882 წელს დაამთავრა დერპტის (ახლანდ. ტარტუს) უნივერსიტეტი. 1885–1886 წლებში ალექსანდრე ფონ ბუნგეს ხელმძღვანელობით ახალი ციმბირის კუნძულებზე პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციის წევრი; იკვლევდა კუნძულებს: დიდი ლიახოვის, ბუნგეს მიწას, ფადეევის, კოტელნის (დღეს ეს სამი ერთ კუნძულად ითვლება) და ახალი ციმბირის დასავლეთ ნაპირს. 1893 წელს ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციას იაკუტიის ჩრდილოეთ რაიონებში, მდინარეების ლენისა და ხატანგის ქვემო წელებზე. პირველმა აღწერა ზეგანი მდინარეებს ანაბარსა და პოპიგაის შორის, ჭიუხი მდინარეებს ოლენიოკსა და ანაბარს შორის (ტოლმა პრონჩიშჩევის ქედი უწოდა). 1899 წელს მონაწილეობდა სტეპან მაკაროვის მოგზაურობაში შპიცბერგენის არქიპელაგის ნაპირებისკენ ყინულმჭრელ „ერმაკით“.[1]

1900–1902 წლებში მეთაურობდა მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციას ახალი ციმბირის კუნძულებისკენ აფროსან-ძრავიანი შხუნათი „ზარია“. ცურვისა და შხუნას გამოზამთრების დროს, ტაიმირის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ და კუნძულ კოტელნის დასავლეთ ნაპირებთან შეასრულა ჰიდროგრაფიული, ფიზიკურ-გეოგრაფიული და გეოლოგიური კვლევები. 1902 წლის ნოემბერში ბენეტის კუნძულიდან კონტინენტის მიმართულებით გაუმაგრებელ ყინულზე გადასვლის შემდეგ ტოლი და მისი სამი მეგზური უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. 1903 წელს სამძებრო ექსპედიციამ ლეიტენანტ კოლჩაკის მეთაურობით ბენეტის კუნძულზე მიაგნო ტოლის გასაჩერებელ ადგილს, მის დღიურსა და სხვა მასალებს.[1]

ედუარდ ფონ ტოლის სახელს ატარებს მთა ახალ მიწაზე, მთა ბენეტის კუნძულზე, ყურე ტაიმირის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირზე, პლატო კუნძულ კოტელნიზე და სხვ.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Толль Эдуард Васильевич // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 238.