ეგრისის კომპლექსი

ეგრისის კომპლექსიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ გომარეთის სამხრეთით, დაახლოებით 3 კილომეტრში, მდინარე ყარაბულაღის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარ ეგრისის ტერიტორიაზე.

სოფელი ეგრისი სამეგრელოდან გადმოსახლებულმა ლარაძეებმა დააარსეს და სამეგრელოს ძველი სახელი უწოდეს. 1590 წლის ერთ საბუთში ლარაძე იხსენიება სიმონ მეფის (1537–1611) მიერ დანიშნული მეკობრის მძებნელთა შორის. აზნაურ ლარაძეებს ერთმანეთის გვერდით ორი სოფელი, დიდი და პატარა ეგრისი გაუშენებიათ. 1687 საბუთის მიხედვით, უშვილოდ გარდაცვლილ ასიტა ლარაძის მამული ეგრისში მეფეს დიასამ დიასამიძისთვის მიუცია, მას კი ისევ ლარაძეებისათვის მიუყიდია. 1727 წლის საბუთიდან ჩანს, რომ მაშინ ეგრისში ცხოვრობდნენ: როსაფაშვილები, ვარდიაშვილები, ბეჟიტაშვილები, შიშნიაშვილები, ფელიშვილები, ბუჟუაშვილები, ბერაშვილები, ვანიაშვილები, ცერცვაძეები, ამირანაშვილები. 1742 წლის საბუთის მიხედვით, „ორსავ ეგრისებში“ სახასო მამული ჰქონია თეიმურაზ II-ის მეუღლეს — დედოფალ ანახანუმს. XVIII საუკუნეში დიდ ეგრისში ლარაძეებს ჰყოლიათ 100-ზე მეტი კომლი გლეხი, ჰქონიათ სასახლე და სასაფლაო, ჭალაში ზვარი, ორი დოლაბი წისქვილი, ერთი სამეხრეო და 3 ხოდაბუნი. XIX საუკუნის მიწურულს იქ ცხოვრობდა მხოლოდ მარიამ ლარაძე-შალიკაშვილისა, რ-იც ერთი მოურავის დახმარებით უძღვებოდა მამულსა და მეურნეობას.

ამ ნასოფლარებში ამჟამად სამი დარბაზული ეკლესია, ლარაძეების სასახლე და სხვა შენობების ნანგრევებია. ყველაზე დიდი ეკლესია, რომელიც დროთა განმავლობაში გადაუკეთებიათ, საშუალო ზომის კვადრებითა და კირხსნარითაა აგებული. სამხრეთი შესასვლელის თავზე ერთ ქვაზე ჯვარია გამოსახული. ეკლესია დაზიანებულია: ჩაქცეულია სახურავი და დაფარულია ნანგრევებით. ეკლესიას ეტყობა შელესვისა და მოხატვის კვალი.

განვითარებული ფეოდალური ხანისაა მეორე, ღვთისმშობლის ეკლესიაც. იგი კარგად გათლილი, ერთმანეთზე მჭიდროდ მორგებული დიდი ქვებითაა ნაგები. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, თითო სარკმელია აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ეკლესიას შერჩენილი აქვს სახურავი, შეიმჩნევა მოხატულობის კვალიც.

მესამე, ნათლისმცემლის ეკლესიას, რომელიც XVIII საუკუნეშია აგებული, სამხრეთით, მთელ სიგრძეზე, აქვს მინაშენი. სამხრეთ კედელზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში იხსენიება ეკლესიის მაშენებელი გიორგი ხუცესი (ლარაძე). ეკლესიის ირგვლივ სასაფლაო და გალავანია.

ეგრისის კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება