დუშეთის წმინდა გიორგის ეკლესია

დუშეთის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია დუშეთში, მდებარეობს სააკაძის ქუჩაზე. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. გვიანდელ შუა საუკუნეებში გადაკეთებულია. 1981-1982 წლებში ჩატარდა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები. აღდგა ფასადების ჩამონგრეული ნაწილები და ლავგარდანი, გაიხსნა სამხრეთის სარკმელი, თავდაპირველი სახე დაუბრუნდა დასავლეთის სარკმელს და სხვა. ეკლესია გადაიხურა კრამიტით.

არქიტექტურა

რედაქტირება

ეკლესია დარბაზულია (9,15 X 6,45 მ), ნაგებია ქვიშაქვით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე კარი შიგნით თაღიანია, გარედან გადახურულია არქიტრავით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა. აფსიდაში ვიწრო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ასეთივე სარკმლები იყო დასავლეთით და სამხრეთით. მოგვიანებით დასავლეთის სარკმელი გაუფართოვებიათ და არსებული სარკმლის სათაურით გადაუხურავთ, ხოლო წირთხლები აგურით ამოუყვანიათ. სამხრეთის სარკმელი ამოუშენებიათ და შიგნიდან შეულესავთ. აფსიდის სარკმლის სამხრეთით ღრმა სწორკუთხა ნიშია. გრძივ კედლებზე შემორჩენილია ძველი კამარის შეკიდული საბჯენი თაღის კაპიტელები.

ფასადები სადაა. გვიანი შეკეთების კვალი ოთხივე ფასადს მკაფიოდ ემჩნევა. სამხრეთის კარის არქიტრავის ქვის შუა არეში მარტივი ჯვრის გამოსახულებაა. სამხრეთის სარკმლის ღიობი ზემოთკენ შევიწროებულია და დასრულებულია ერთ ქვაში ამოკვეთილი ნალისებრი ფორმის თაღით. კედლები დასრულებული ყოფილა თაროსებრი ლავგარდნით, რომლის ნაწილები მხოლოდ აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადებს შემორჩა.

მხატვრობა

რედაქტირება

ეკლესიის საკურთხეველში შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების მხატვრობის ორი ფენა. თავდაპირველი ფენიდან მხოლოდ ეკლესიის მამის ტანსაცმლის ფრაგმენტია შემორჩენილი სარკმლის ჩრდილოეთით. ნახატი შესრულებულია მოყვითალო ტონის ნალესობაზე. მოგვიანებით ეკლესია ხელახლა შეულესავთ და მოუხატავთ. ამ ფენის მხატვრობა დარბაზის კედლებზე აღარ გაირჩევა. საკურთხეველში რამდენიმე წმინდანის გამოსახულებაა. ქვემოთ, მოხატულობის მესამე რეგისტრში (საკურთხეველში სულ სამი რეგისტრია), სარკმლის ჩრდილოეთით და სამხრეთით ჩანს ეკლესიის მამათა რიგი. სარკმლის სამხრეთით კარგად არის გამოხატული წმინდანის სახე. ზემოთ, აბსიდის თაღზე, გამოსახულია ექვსფრდედი. მხატვრობის შესრულების მანერა სქემატურია და მშრალია, კონტურები მეტწილად შავია. მხატვრობის კოლორიტი აგებულია მუქი მოწითალო-ყავისფერი, შავი, ყავისფერი და მღვრიე ყვითელი ფერების შეხამებაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება