დოროთეა ბრანდენბურგელი

დოროთეა ბრანდენბურგელი (გერმ. Dorothea von Brandenburg, დან. Dorothea af Brandenburg, ნორვ. Dorothea av Brandenburg; დ. 1430, ბრანდენბურგი, საღვთო რომის იმპერია — გ. 10 ნოემბერი, 1495, ზელანდია, დანიის სამეფო) — ჰოენცოლერნების დინასტიის წარმომადგენელი. კალმარის უნიის დედოფალი 1445-8 წლებში როგორც კრისტოფერ ბავარიელის, აგრეთვე დანიის დედოფალი 1449-81, ნორვეგიის დედოფალი 1450-81 და შვედეთის დედოფალი 1457-64 წლებში როგორც კრისტიან I-ის მეუღლე.

დოროთეა ბრანდენბურგელი
დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 26 სექტემბერი, 1445
მმართ. დასასრული: 5 იანვარი, 1448
წინამორბედი: ფილიპა ინგლისელი
მემკვიდრე: კატარინა ბიურუმი
დანიის დედოფალი
კორონაცია: 28 ოქტომბერი, 1449
მმართ. დასაწყისი: 28 ოქტომბერი, 1449
მმართ. დასასრული: 21 მაისი, 1481
წინამორბედი: კატარინა ბიურუმი
მემკვიდრე: ქრისტინა საქსონელი
ნორვეგიის დედოფალი
კორონაცია: 2 აგვისტო, 1450
მმართ. დასაწყისი: 13 მაისი, 1450
მმართ. დასასრული: 21 მაისი, 1481
წინამორბედი: კატარინა ბიურუმი
მემკვიდრე: ქრისტინა საქსონელი
შვედეთის დედოფალი
კორონაცია: 29 ივნისი, 1457
მმართ. დასაწყისი: 23 ივნისი, 1457
მმართ. დასასრული: 23 ივნისი, 1464
წინამორბედი: კატარინა ბიურუმი
მემკვიდრე: კრისტინა აბრაჰამსდოტერი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1430
დაბ. ადგილი: ბრანდენბურგი, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 10 ნოემბერი, 1495
გარდ. ადგილი: ზელანდია, დანია
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, როსკილე, დანია
მეუღლე: კრისტოფერ III, დანიის მეფე
(ქ. 1445 - გარდ. 1448)
კრისტიან I, დანიის მეფე
(ქ. 1449 - გარდ. 1481)
შვილები: ჰანს I, დანიის მეფე
მარგარეტი, შოტლანდიის დედოფალი
ფრედერიკ I, დანიის მეფე
დინასტია: ჰოენცოლერნები
მამა: იოჰანი, ბრანდენბურგის მაკგრაფი
დედა: ბარბარა საქსენ-ვიტენბერგელი
რელიგია: კათოლიციზმი

იგი იყო დედა დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ორი მეფის: ჰანს I-ისა და ფრედერიკ I-ისა, აგრეთვე შოტლანდიის დედოფალ მარგარეტ დანიელისა.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

დოროთეა დაიბადა 1430 წელს ბრანდენბურგში. იგი იყო ბრანდენბურგისა და კულმბახის მაკგრაფ იოჰანისა და მისი მეუღლის, მაკგრაფინია ბარბარა საქსენ-ვიტემბერგელის ქალიშვილი. მას ორი და ჰყავდა: ბარბარა, რომელიც მანტუას მარკიზა გახდა და ელიზაბეთი, რომელიც პომერანიის ჰერცოგინია გახდა. დაახლოებით რვა წლის ასაკიდან დოროთეა ოჯახთან ერთად ბაიროთში გადასახლდა, სადაც მამამისმა რეზიდენცია გადაიტანა. 1443 წელს დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ახლად არჩეულმა მეფე კრისტოფერ ბავარიელმა მაკგრაფ იოჰანს მისი უფროსი ქალიშვილის (ანუ დოროთეას) ხელი სხოვა, რათა ბაიროთი და ობერფალცი, რომლებიც მემკვიდრეობით დოროთეას ერგებოდა დანიისათვის მიეერთებინა. სამი დიდი ქვეყნის მონარქთან დამოყვრების იდეამ იოჰანი გაახარა და მალევე პაპთან ქორწინების ნებართვის სათხოვნელად ელჩობა გააგზავნეს. პაპმა 1445 წლის 10 მარტს დოროთეასა და კრისტოფერს ქორწინების ნებართვა მისცათ.

ქორწინება კრისტოფერ ბავარიელზე

რედაქტირება

1445 წლის 12 სექტემბერს კოპენჰაგენში შედგა დოროთეასა და კრისტოფერის ქორწინება. 26 სექტემბერს კი შედგა დოროთეას დედოფლად კურთხევა. მეფემ სპეციალურად იზრუნა, რომ თავის სამივე სამეფოში (იგულისხმება დანია, ნორვეგია და შვედეთი) სათანადოდ ეზეიმათ ეს ამავი, რაც შუა საუკუნეების ნორვეგიის ისტორიაში ყველაზე დაყვეწილი ცერემონია იყო. საზეიმო ღონისძიებები რვა დღის განმავლობაში გაგრძელდა და ესწრებოდნენ ბრაუნშვაიგის, ჰესენისა და ბავარიის ჰერცოგები, ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრი, დანიელი, ნორვეგიელი და შვედი არისტოკრატები. მალევე ახალმა დედოფალმა თავის სამივე სამეფოში დაიწყო მოგზაურობა. იგი თავის თეთრ ცხენზე იყო შემომჯდარი და ისე მოგზაურობდა. დოროთეა დანიაში ეწვია როსკილეს, რინგსტედს, ჰარალდსბორგსა და სკიოლდსეს, ნორვეგიაში ემტლანდს, ხოლო შვედეთში ერებრეს, ნარკესა და ვარმლანდს. სამივე სამეფოდან მას თვიური პენსია სულ 45, 000 რაინულ მონეტას შეადგენდა.

დედოფალი დოროთეა 1446 წელს ხელმეორედ ეწვია შვედეთს, სადაც მან მოინახულა ვადსტენას სააბატო და ერებრე. ამ ვიზიტისას იგი შეხვდა თავის მომავალ ანტაგონისტს, შვედეთის დიდ კონეტაბლ კარლს. წყაროებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ დოროთეა და კარლი ერთმანეთს კარგად შეხვდნენ და დედოფალმა მას უამრავი საჩუქარიც აჩუქა. კრისტოფერი და დოროთეა დანიაში 1446 წლის სექტემბერში დაბრუნდა.

1448 წლის 5 იანვარს მეფე კრისტოფერი უშვილოდ აღესრულა, რამაც მემკვიდრეობის კრიზისი და კალმარის უნიის დროებითი დაშლა გამოიწვია. ქვრივი დედოფალი დოროთეა ახალი მეფის არჩევამდე დანიის რეგენტად დაინიშნა. დოროთეა ძალიან სუსტი რეგენტი აღმოჩნდა. ამით ისარგებლეს შვედებმათ და თავიანთი კონეტაბლი კარლ VIII მეფედ აირჩიეს. ამავე წლის სექტემბერში დანიისა და ნორვეგიის მეფედ არჩეულ იქნა ოლდენბურგის ჰერცოგი კრისტიან I, რომელმაც მალევე მოისურვა დოროთეას ცოლად შერთვა, რათა მისი წყალობით ჩრდილოეთ გერმანიაში გავლენები შეენარჩუნებინა.

ქორწინება კრისტიან I დანიელზე

რედაქტირება

ახლად დაქვრივებულ დოროთეას მალევე გამოუჩნდნენ ხელის მთხოვნელები. მას ცოლობას სთხოვდნენ პოლონეთისა და ლიტვის მეფე კაზიმირ IV და ასევე ავსტრიის ერცჰერცოგი ალბერტ VI, თუმცა მან მაინც დანიაში დარჩენა და კრისტიანის ცოლობა არჩია. დოროთეასა და კრისტიან I-ის ქორწინება 1449 წლის 26 ოქტომბერს შედგა, რის შედეგადაც დოროთეა უკვე მეორედ გახდა დანიის დედოფალი. ამ პერიოდისათვის შვედეთისა და ნორვეგიის მეფე კარლ VIII იყო, თუმცა ძალიან ამბიციურ კრისტიანს მისი ჩამოგდება და კალმარის უნიის აღდგენა ჰქონდა განზრახული.

1450 წელს კრისტიანი ნორვეგიის ტახტზე ავიდა. მალევე კრისტიანმა დაპყრობილ ნორვეგიას შვედეთის მთიანი მიწებიც მიუერთა და მის ტახტეც სცადა ასვლა მაგრამ ამაოდ. სრულიად შვედური არისტოკრატია და სასულიერო წოდება აცხადებდა, რომ მათი კანონიერი მეფე კარლ VIII იყო, დანიის მეფესა და დედოფალს კი უზურპატორებს უწოდებდნენ. 1455 წელს კრისტიანმა და დოროთეამ რომის პაპს მიმართეს და სთხოვეს შვედეთის ტახტი კანონიერი მფლობელისთვის (ანუ კრისტიანისთვის) გადაეცა. 1457 წელს კრისტიანი შვედეთის ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდა, ამავე წლის 23 ივნისს კი იგი შვედეთის მეფედ იქნა არჩეული. ამით სამი სკანდინავიური სახელმწიფო კვლავ ერთი გვირგვინის ქვეშ გაერთიანდა, რითაც კალმარის უნია აღსდგა. 1458 წელს შვედეთის პარლამენტმა კრისტიანი მათ მეფედ სცნო, მაგრამ განსხვავებით დანიისა და ნორვეგიისაგან, მასზე მისი მემკვიდრეობა არ სცნო. ამავე წლის ივლისში მეფე და დედოფალი დანიაში დაბრუნდნენ.

1460 წელს კრისტიანმა ჩრდილო გერმანული სამთავროები: შლეზვიგი და ჰოლშტაინი დაიპყრო, სულ ოთხ წელიწადში, 1464 წელს კი კარლ VIII კვლავ ავიდა შვედეთის ტახტზე, რითაც კალმარის უნია კვლავ დაიშალა. დოროთეა და კრისტიანი წლების მანძილზე იბრძოდნენ შვედეთის ტახტის დასაბრუნებლად, მაგრამ ამაოდ. 1475 წელს დოროთეა იტალიის ქალაქ მანტუაში თავის დასთან, მარკიზა დე ბარბარასთან ჩავიდა, რათა მისი კავშირი გამოეყენებინა და რომის პაპ სიქსტუს IV-ისათვის კარლის ტახტიდან ჩამოგდება ეთხოვა. მართალია შვედეთის ტახტზე კვლავ კარლი დარჩა, მაგრამ პოლიტიკურად და ეკონომიკურად შვედეთი კვლავ დანიაზე დამოკიდებული გახდა. მსგავსი პოლიტიკა კიდევ მომდევნო ოცი წლით შენარჩუნდა.

დანიაში, დედოფალი დოროთეა ყოველთვის რეგენტად ინიშნებოდა, როდესაც კრისტიანი ქვეყანას ტოვებდა. 1470 წლიდან დოროთეამ შლეზვიგსა და ჰოლშტაინზე დე-ფაქტო მმართველობის განხორციელება დაიწყო. 1479 წლიდან ჰოლშტაინის, 1480 წლიდან კი უკვე შლეზვიგის ოფიციალური და სრულუფლებიანი მმართველი სწორედ დოროთეა გახდა. 1464 წლიდან კი, მას შემდეგ რაც მამამისი გარდაიცვალა, იგი ბიძამისს, ფრიდრიხ II-ს ებრძოდა ბრანდენბურგის ტახტის ხელში ჩასაგდებად.

დედოფალი დოროთეა აღწერილია როგორც ამაყი, ამბიციური, ეფექტიანი და გამბედავი.

დედა-დედოფალი

რედაქტირება

მეფე კრისტიანი 1481 წლის 21 მაისს გარდაიცვალა, დანიისა და ნორვეგიის ტახტზე კი წარმატებით გამეფდა მისი და დოროთეას ვაჟი ჰანსი. დაქვრივების შემდეგ დედა-დედოფალი დოროთეა კალუნდბორგის სასახლეში გადასახლდა. გარდაცვალებამდე დოროთეა კვლავ პოლიტიკურად აქტიური პიროვნება იყო და გარდა შლეზვიგ-ჰოლშტაინისა იგი დანიისა და ნორვეგიის საქმეებშიც ახერხებდა ჩარევას.

მეტად ამბიციური დოროთეა კვლავ განაგრძობდა შვედეთის ტახტისა და კალმარის უნიის აღდგენისათვის ბრძოლას. 1482 წელს მან შესძლო და ჰანსი შვედეთის მეფედ დასვა, რასაც კალმარის უნიის კვლავ გაერთიანება მოჰყვა. 1488 წელს იგი მანტუაში თავის დას, მარკიზა ბარბარას ესტუმრა, სადაც შეხვდა საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ III-სა და რომის პაპ ინოკენტი VIII-ს. დედოფალი გარდაცვალებამდე განაგრძობდა თავის შვილისათვის შვედეთის შენარჩუნებისთვის ბრძოლას, რის გამოც იგი ძალზედ დაუახლოვდა რომის პაპს.

დოროთეა გარდაიცვალა 1495 წლის 10 ნოემბერს, დაკრძალეს როსკილეს კათედრალში.

  1. ოლაფი (1450—1451), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  2. კანუტი (1451—1455), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ჰანსი (დ. 2 თებერვალი, 1455 — გ. 20 თებერვალი, 1513), დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე, ცოლად შეირთო ქრისტინა საქსონელი, რომელთანაც შეეძინა დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მომავალი მეფე კრისტიან II;
  4. მარგარეტი (დ. 23 ივნისი, 1456 — გ. 14 ივლისი, 1486), ცოლად გაჰყვა შოტლანდიის მეფე ჯეიმზ III-ს, რომელთანაც შეეძინა შოტლანდიის მომავალი მეფე ჯეიმზ IV;
  5. ფრედერიკ I (დ. 7 ოქტომბერი, 1471 — გ. 10 აპრილი, 1533), თავისი ძმის შვილის, კრისტიან II-ის ჩამოგდების შემდეგ გახდა დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე, ცოლად შეირთო ჯერ ანა ბრანდენბურგელი, შემდეგ კი სოფია პომერანიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე კრისტიან III.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dorotea, [[1]], Svenskt biografiskt lexikon (art av Gottfrid Carlsson.), hämtad 2016-09-07.