ისიდორე დოლიძე

(გადამისამართდა გვერდიდან დოლიძე, ისიდორე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დოლიძე.

ისიდორე დოლიძე (დ. 5 აპრილი [ძვ. სტ. 23 მარტი ], 1915, ხვარბეთი, ოზურგეთის მაზრა, — გ. 17 ივლისი, 1982) — ქართველი იურისტი, სამართლის ისტორიკოსი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1954–1957), სამართლის დოქტორი (1957), პროფესორი (1958), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1965)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ისიდორე სამსონის ძე დოლიძე დაიბადა 1915 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ხვარბეთში, ღარიბი გლეხის ოჯახში. 1930 წელს დაამთავრა სოფელ მერიის არასრული საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ბათუმის საამშენებლო ტექნიკუმი. 1933 წელს, ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, როგორც წარჩინებით კურსდამთავრებულს, რეკომენდაცია მისცეს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. 1936 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1936 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვში, იურიდიულ ინსტიტუტში, შემდეგ გადავიდა სვერდლოვსკის იურიდიულ ინსტიტუტში, რომელიც 1938 წელს დაამთავრა. იმავე პერიოდში ჩაირიცხა მოსკოვის იურიდიულ მეცნიერებათა საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1940 წლიდან ლექციებს კითხულობდა თსუ-ში, იურიდიულ ფაკულტეტზე. 1941 წელს დაამთავრა ასპირანტურის კურსი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა იურიდიულ მეცნირებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ლექციებს კითხულობდა სახელმწიფო და სამართლის ისტორიაში საკავშირო სამართლის აკადემიაში. 1942 წლიდან 1947 წლამდე იმყოფებოდა პარტიულ პროპაგანდისტულ სამუშაოზე. 1946-1947 წლებში იყო საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი ლონდონში.

1947 წლის მაისიდან 1948 წლის ბოლომდე დოლიძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანად და საბჭოთა სახელმწიფო სამართლის კათედრის გამგედ. 1949 წლის იანვარს დაინიშნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსად. 1954–1957 წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე. 1957-1960 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ს მდივანი. 1960-1966 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. 1967 წლიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის ქართული სამართლის ისტორიის განყოფილების გამგედ.

დოლიძის შესწავლის სფერო იყო ქართული სამართლის ისტორია და სამართლის ზოგადი ისტორია. მის ნაშრომებში გამოკვლეულია ქართული სამართლის ინსტიტუტების ისტორიის და წყაროთმცოდნეობის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მეცნიერულ-პოპულარული ხასიათის შრომა და სტატია. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და ორი მედლით.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ადრინდელი ფეოდალური სამართლის ძეგლები, 1950
  • ძველი ქართული სამართალი, 1953
  • გიორგი ბრწყინვალის სამართალი, 1957
  • საქართველოს ჩვეულებითი სჯული, 1960
  • ძველი აღმოსავლეთის სამართალი, 1960
  • ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 1-6, 1963-1977

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება