დიდი შირაქის ველის მეორე ნამოსახლარები

დიდი შირაქის ველის მეორე ნამოსახლარები — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დედოფლისწყარო-ზემო ქედის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, სერზე.

თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულით და I ათასწლეულის დასაწყისით. აღმოჩნდა 2009 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). ორი მცირე ნამოსახლარიდან ერთი მცირე და ვიწრო, მეორე - შედარებით მოზრდილი, თითქმის წრიული (ციტადელის დიამეტრი - 45 მეტრი). ძეგლს დასავლეთით, ფერდობზე, ოდნავ გამოხატული ტერასა შემოუყვება, სამი მხრიდან კი ღრმა ხეობებითაა შემოსაზღვრული.

აქვე კიდევ ორი ნამოსახლარია, მათგან ერთს (ციტადელის სიგრძე - 300-მდე, სიგანე - 200 მეტრი) დასავლეთით ღრმა ხეობა ესაზღვრება. ნამოსახლარის ზედაპირი მოვაკებულია, დაფარულია ჯაგნარით, რამაც ხელი შეუშალა მასალის აკრეფას. მეორე ნამოსახლარზე (სიგრძე - 250 მეტრი, სიგანე - 100 მეტრი) ჩანს მრავალი ჩაღრმავება და რიყის ქვის გროვა, რომელიც კედლის შთაბეჭდილებას ტოვებს. ძეგლზე აიკრიფა ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

აკრეფილი კერამიკის მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა

რედაქტირება