დიდი ნამტვრიანის სამების ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დიდი ნამტვრიანის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ დიდ ნამტვრიანში.

ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით, განაპირას, მუხნარ კორომში, რომელიც ეკლესიის მშენებლობაზე ადრეულია. ეკლესია დარბაზულია (9.3X5.3 მ), ნაგებია ნატეხი ბაზალტის ქვის არეული წყობით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, კარი გარედან დიდი არქიტრავითაა გადახურული, შიგნიდან კი თაღოვანია. სარკმლების კვალი ახლა მხოლოდ აღმოსავლეთ კედელს ეტყობა, რომელსაც შიგნიდან თაღოვანი გადახურვა ჰქონია. საარქივო მასალებით ირკვევა, რომ კიდევ ორი სარკმელი ჰქონია სამხრეთის კედელშიც. ჩრდილოეთ კედელზე შერჩენილია თაროსებრი ფორმის ბაზალტისავე კარნიზი. ეკლესია გადახურული ყოფილა კრამიტით. ნახევარწრიული აფსიდა მხრითაა გამოყოფილი დარბაზისგან. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო ნიშია გაკეთებული, ჩრდილოეთით - თაღოვანი, სამხრეთით - სწორკუთხა. საკურთხეველში პროფილირებული წაკვეთილი პირამიდის ფორმის ბაზისია, რომელიც სტელის ბაზა უნდა ყოფილიყო. კონქი და კამარა სრულად ჩამოშლილია. გრძივ კედლებზე შერჩენილია უხეშად დამუშავებული კრონშტეინები, რომელზეც კამარის საბჯენი თაღი გადადიოდა. ეკლესიას გარშემო მონოლითური მშრალი წყობის გალავანი შემოსდევდა, რომლის შიგნით და გარეთ XIX-XX საუკუნის სასაფლაოა გამართული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 42633