დიდი ვლახეთი
დიდი ვლახეთი ან დიდი ვლახია (არომუნულად: Vlãhia Mari; ბერძნულად: Μεγάλη Βλαχία), ასევე, უბრალოდ ცნობილი, როგორც ვლახია (არომუნულად: Vlãhia; ბერძნულად: Βλαχία), იყო პროვინცია და რეგიონი მე-12 საუკუნის ბოლოს სამხრეთ-აღმოსავლეთ თესალიაში და გამოიყენებოდა მთელი თესალიის რეგიონის აღსანიშნავად მე-13 და მე-14 საუკუნეებში. სახელი მომდინარეობს ვლახებიდან (არომუნები), რომლებიც ამ ადგილების გასწვრივ ცხოვრობდნენ.
სახელწოდება
რედაქტირებასახელწოდება მომდინარეობს არომუნებიდან ან ვლახებიდან, უმთავრესად ტრანსჰუმანური ეთნიკური ჯგუფიდან, რომლებიც ცხოვრობენ ბალკანეთის მთაგორიან ადგილებში და იყვნენ ძველი მოსახლეობისა და გვიანდელი ანტიკურობის ბარბაროსული შემოსევების ნარევი ხალხი.[1] ფართო გაგებით, გვიანი შუა საუკუნეების ბერძნული და დასავლური წყაროები, როგორებიცაა მორეას ქრონიკების ფრანგული, იტალიური და არაგონული ვერსიები, ან რამონ მუნტანერისა და მარინო სანუდო ტორსელოს ქრონიკები, "ვლახიათი" ან მსგავსი სახელებით (მაგალითად, ვლახეთი და ა.შ.) მოიხსენიებდნენ მთელს თესალიას, დასავლეთით პინდოსის მთებიდან აღმოსავლეთით ეგეოსის ზღვამდე, ჩრდილოეთით ოლიმპოს მთის და სერვიას ტერიტორიიდან სამხრეთით ზეტუნის (ლამია) და ნეოპატრასის (იპატი) ქალაქებამდე.[2]
თესალიური ვლახია, ასევე, აშკარად ცნობილი იყო, როგორც "ვლახია ელადაში" (ἐν Ἑλλάδι Βλαχία), ისევე, როგორც "დიდი ვლახია" (Μεγάλη Βλαχία), რათა განესხვავებინათ ის ვლახებით დასახლებული სხვა ადგილებისგან - "ზემო ვლახია" ეპიროსში და "პატარა ვლახია" ეტოლია-აკარნანიაში. თუმცა, ბიზანტიელი ისტორიკოსი ნიკიტა ქონიატე, "დიდ ვლახიას" უწოდებს მეტეორასთან ახლოს მდებარე მხარეს.[3] "ვლახია", "დიდი ვლახია" და სხვა ვარიანტები თესალიის აღსანიშნავად აღარ გამოიყენება მე-14 საუკუნის დამდეგიდან და მდინარე დუნაის ჩრდილოეთით "ვლახეთის" აღმოცენებასთან ერთად, მის სათადარიგო სახელწოდებად იქცა.[4]
თესალიელი ვლახები შუა საუკუნეებში
რედაქტირებათესალიის ვლახები ბიზანტიურ წყაროებში, როგორებიცაა კეკაუმენოსის სტრატეგიკონი და ანა კომნენეს "ალექსიადა", პირველად ჩნდება მე-10 და მე-11 საუკუნეებში. კეკაუმენოსი, რომელიც წერდა 1070-იან წლებში, განსაკუთრებით ხაზს უსვამს მათ ტრანსჰუმანურობას, ისევე, როგორც იმპერიული ხელისუფლების მიმართ მათ ზიზღს.[5] კეკაუმენოსი აღწერს ვლახების არშემდგარ აჯანყებას 1066 წელს, ნიკაულიცას დელფინასის უნებართვო მათაურობის ქვეშ, რომელიც იყო იმპერატორ ბასილი II-ის (976-1025 წწ.) მიერ თესალიელი ვლახების სამართავად დანიშნული ნიკაულიცას ნათესავი და შვილიშვილი.[6] ანა კომნენე კი აღწერს ოსას მთის მახლობლად მდებარე ვლახების დასახლებას, თავისი მამის, ალექსი I კომნენოსის (1081-1118 წწ.) მიერ ნორმანების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიასთან დაკავშირებით.
მე-12 საუკუნეში, ებრაელი მოგზაური ბენიამინ ტუდელელი, რომელმაც ეს ტერიტორია შემოიარა 1166 წელს, აღნიშნავს, რომ ქალაქი ზეტუნი (ლამია) "ვლახეთის მთების ძირში მდებარეობდა". ტერმინი აშკარად არ იყო უბრალოდ გეოგრაფიული ან ეთნიკური მნიშვნელობის, იმპერატორ ალექსი III ანგელოსის (1195-1203 წწ.) 1198 წლის ხრუსობულონი (იმდროინდელ სიგელთა ნაკრები) შეიცავს ვლახიას პროვინციის წარწერას, თესალიის სხვა მხარეებთან ერთად, სადაც ვენეციელი ვაჭრები გადასახადებისგან იყვნენ გათავისუფლებული. იგივე ინფორმაცია არის გამეორებული 1024 წელს დადებულ ხელშეკრულებაში (Partitio Romaniae), რომლის ძალითაც ბონიფაციუს მონფერატელს გადაეცა გარკვეული პროვინციები. ბიზანტიცისტი ჯორჯ ს. სოულისის თანახმად, ამ ინფორმაციიდან იკვეთება, რომ გვიანი მე-12 საუკუნის ბიზანტიური ვლახიას პროვინცია მდებარეობდა ოთრისის მთის რეგიონში და იკავებდა ქალაქების - ლამიას, დომოკოსსა და ჰალმიროსს შორის მოქცეულ ტერიტორიას.[7]
მიუხედავად თესალიაში მათი მოწინავეობისა, ვლახებს არასდროს უმართავთ რეგიონი და, ამის ნაცვლად, ისინი ემორჩილებოდნენ სხვადასხვა ბერძენ, ლათინურ და მოგვიანებით სერბ მმართველებს. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობისა და ეპიროსის დესპოტატის სახელმწიფოს მიერ თესალიის დაპყრობის შემდეგ, ვლახებს ეპიროსი მტრის წინააღმდეგ ელიტურ მეომრებად იყენებდა;[8] მე-13 საუკუნის მეცნიერი გიორგი პაქიმერე კომენტარს აკეთებს ეპიროსის მმართველ მიქაელ II კომნენოს დუკას (1230-1268 წწ.) ჯარში ვლახების სიმამაცეზე. მიქაელის უკანონო ვაჟი, იოანე, დაქორწინებული იყო ვლახ მეთაურ ტარონის ქალიშვილზე და მისმა ვლახმა მეომრებმა (გაურკვეველია, ისინი იყვნენ რეგულარული არმიის ნაწილები, თუ მისი მამულებიდან წამოსული კერძო ჯარის წევრები) მოწინავე როლი ითამაშეს 1259 წელს პელაგონიის ბრძოლაში.[9] როდესაც 1268 წელს მიქაელ II გარდაიცვალა, მისი სამეფო გაიყო და იოანე გახდა თესალიის მმართველი, რომლის დედაქალაქი იმხნად იყო ნეოპატრასი.[10] დასავლელი ავტორები ხშირად იყენებენ ტერმინს "ვლახია", რათა აღნიშნონ იოანე დუკას და მისი მემკვიდრეების მფლობელობაში არსებული თესალიის ავტონომიური სამეფო. თუმცა, თესალიის ნაწილი, კერძოდ, დემეტრიასი, ველესტინო, ჰალმიროსი და ფარსალოსი, კვლავ რჩებოდა ნიკეის იმპერიის, ხოლო შემდეგ, პალაგონიიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, 1261 წელს აღდგენილი ბიზანტიის იმპერიის ხელში. ეს მხარე იმართებოდა 1276 წელს რაულ კომნენოსის (რომელსაც ჰქონდა მაღალი ბიზანტიური მოსამართლის პოზიცია, იგივე pinkernes-ის წოდება) მიერ დაწესებული "დიდი ვლახიას ადგილობრივი მმართველის" (იგივე kephale-ის წოდება) გადაწყვეტილებებით.[11]
1340-იან წლებში, ბიზანტიის იმპერიის დიდი ნაწილების დაპყრობის შემდეგ, სერბების მმართველი სტეფან დუშანი 1346 წელს აკურთხეს იმპერატორად და მან დააარსა სერბეთის იმპერია.[12] 1347-1348 წლებში მან და მისმა გენერალმა პრელუბმა, სერბების კონტროლი გაავრცელეს ეპიროსსა და თესალიაზეც.[13] აქედან მოყოლებული, სტეფან დუშანის წოდება ამგვარად გამოითქმებოდა - "სერბთა და რუმინელთა იმპერატორი, არტას დესპოტი და ვლახიას გრაფი" (ლათინურად: imperator Raxie et Romanie, dispotus Lartae et Blachie comes).
იხილეთ ასევე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ODB, "Vlachs" (A. Kazhdan), pp. 2183–2184.
- ↑ Soulis 1963, pp. 272–273.
- ↑ ODB, "Vlachia" (A. Kazhdan), p. 2183.
- ↑ Soulis 1963, p. 273.
- ↑ Soulis 1963, p. 271.
- ↑ Fine 1991, p. 216.
- ↑ Soulis 1963, p. 272.
- ↑ Osswald 2007, p. 129.
- ↑ Fine 1994, pp. 162–164.
- ↑ Fine 1994, p. 169.
- ↑ Nicol 1962, pp. 5–6.
- ↑ Fine 1994, pp. 309–310.
- ↑ Fine 1994, pp. 320–321.
ლიტერატურა
რედაქტირება- Fine, John V. A. Jr. (1991) [1983]. The Early Medieval Balkans: A Critical Survey from the Sixth to the Late Twelfth Century. Ann Arbor: University of Michigan Press. ISBN 0-472-08149-7.
- Fine, John V. A. Jr. (1994) [1987]. The Late Medieval Balkans: A Critical Survey from the Late Twelfth Century to the Ottoman Conquest. Ann Arbor, Michigan: University of Michigan Press. ISBN 0-472-08260-4.
- Kazhdan, Alexander, ed. (1991). The Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 0-19-504652-8.
- Nicol, D. M. (1962). "The Greeks and the Union of the Churches the Report of Ogerius, Protonotarius of Michael VIII Palaiologos, in 1280". Proceedings of the Royal Irish Academy, Section C. 63: 1-16. JSTOR 25505111.
- Osswald, Brendan (2007). "The Ethnic Composition of Medieval Epirus. In Ellis, Steven G.; Klusakova, Lud'a (eds.). Imagining Frontiers, Contesting Identities. Pisa: Edizioni Plus - Pisa University Press. Pp. 125-154. ISBN 978-88-8492-466-7.
- Soulis, George C. (1953). Vlachia-Great Vlachia-Vlachia in Hellas. Contribution to the historical geography of medieval Thessaly. Athens. Pp. 489-497.
- Soulis, George C. (1963). "Thessalian Vlachia". Zbornik Radova Vizantoloskog Instituta. 8 (1): 271-273.
- Stavridou-Zafraka, Alkmini (2000). "Great and Little Wallachia". Trikalina. 20: 171-179.