დიდგორის ჯვარი

საკულტო ძეგლი

დიდგორის ჯვარი — საკულტო ძეგლი, მთავარი სათემო სალოცავი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკასთან. სალოცავში შედის დარბაზი, საკოდე და სახელოსნო.

დარბაზი ფიქლით ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობაა, რომლის დასავლეთი ნაწილი მიწაშია ჩამჯდარი. შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა. სათავსის ცენტრში კერაა მოწყობილი. ჩრდილოეთ კედლის გაყოლებაზე დაბალი, მთლიანი ხისგან გამოჭრილი სკამია, სამხრეთ კედელთან ხის საწოლია. დარბაზის დასავლეთი ნაწილი, რომელიც ხის მორითაა გამოყოფილი, საკოდეა. აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია გაჭრილი. შენობა გადახურულია თუნუქის ორფერდა სახურავით.

სახელოსნო დარბაზს ჩრდილოეთიდან აკრავს. იგი ფიქლით ნაშენი, გგემით წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის ნაგებობაა. შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. გარედან, კარის ზემოთ, კედლის გაყოლებაზე, ქვის თაროა, რომელზეც სხვადასხვა ზომის თასები და ჯიხვის რქებია დაწყობილი. თაროს ზემოთ, კედლის სიბრტყიდან გამოშვერილ ქვაზე, ორი ზარია ჩამოკიდებული. სათავსის კედლებში თახნებია დატანებული. გრძივი კედლების გაყოლებაზე ჭერის გასამაგრებლად ხის ბოძები დგას. გადახურულია თუნუქის ორფერდა სახურავით.

სახელოსნოს ჩრდილოეთით ფიქლით ნაგები, გეგმით ოთხკუთხა პატარა კოშკისმაგვარი ნაგებობაა, რომლის სამხრეთის წახნაგში მოწყობილ პატარა ნიშში ზარი კიდია. ნაგებობა გადახურულია საფეხუროვანი სახურავით. მსგავსი ნაგებობაა სალოცავის ჩრდილო-დასავლეთით, მეორე გორაკის თავზე.

ლიტერატურა

რედაქტირება