დარყის წმინდა გიორგის ეკლესია
დარყის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორანის დასავლეთით, 0,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,1 x 3,5 მეტრი), ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, დანგრეულია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. ჩრდილო კედელი დაახლოებით 1–1,5 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთით ჰქონია. აღმოსავლეთით აფსიდია, რომელსაც გეგმით კოლოფა თაღის ფორმა აქვს. აფსიდის კედელი დარბაზის გრძივ კედლებს უშუალოდ ერწყმის, მხრების გარეშე. ზედა ნახევარში საკურთხეველი სწორკუთხაა. მას, როგორც ჩანს, დარბაზთან ერთად საერთო კამარა ეხურა. ეკლესია ორი მცირე ზომის სწორკუთხა სარკმლით ყოფილა განათებული. მათგან ერთი აფსიდშია, მეორე — დასავლეთ კედლის ღერძზე. გარედან ეკლესიის შემორჩენილი კედლები მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 376.