დარვინის მთიულები

დარვინის მთიულები,[2] გალაპაგოსის მთიულები (ლათ. Geospizinae) — ფრინველთა ქვეოჯახი ტანაგრისებრთა (ზოგიერთი კლასიფიკაციით — გრატასებრთა) ოჯახისა. ადრე მთიულასებრთა ოჯახს მიეკუთვნებოდა. მიიჩნევა, რომ დარვინის მთიულები წარმოიშვნენ დაახლოებით 2,3 მილიონი წლის წინ, გალაპაგოსის ერთ-ერთ კუნძულზე, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან გადმოფრენილი ფრინველების გუნდისაგან. ადაპტიური რადიაციის შედეგად, მათ დასაბამი დაუდეს 5 გვარის 18 სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან გალაპაგოსისა და ქოქოსის კუნძულებზე (ქოქოსის მთიულა, Pinaroloxias inornata). ამ მთიულებმა ფართო ცნობადობა მოიპოვეს ჩარლზ დარვინის დამსახურებით, რომელმაც ისინი აღწერა როგორც ცალკეულ კუნძულებზე ბუნებრივი გადარჩევის გზით სახეობათაწარმოქმნის დამარწმუნებელი მაგალითი.

დარვინის მთიულები

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Geospizinae (Sclater & Salvin, 1870)[1]

მათი სხეულის სიგრძეა 10–15 სმ, მასა 8–40 . სხეულის აგებულება მაგარია; ბოლო მოკლე. შეფერილი არიან მორუხო-ზეთისხილისფრად; ზოგიერთი სახეობის მამალი ნაწილობრივ ან მთლიანად შავია. ახასიათებთ მკვეთრი სახეობათაშორისი სახესხვაობა ნისკარტის სიდიდესა და ფორმაში, რაც დაკავშირებულია კვების სპეციალიზაციასთან. მაგალითად, მიწის მთიულებს (Geospiza, 9 სახეობა), რომლებიც ძირითადად თესლებითა და კაქტუსებით იკვებებიან, კონუსისებრი და მასიური ნისკარტი აქვთ; ასპუჭაკასებრ მთიულას (Certhidea olivacea), რომელიც პატარა რბილ მწერებს ჭამს — სწორი და წაგრძელებული; კოდალასებრ მეხეურ მთიულას (Camarhynchus pallidus) ხის ქერქიდან ნისკარტით დაჭერილი ოპუნციის ჩხირით ან ეკლით ამოჰყავს ნადავლი. ბუდობენ ხშირ ხეებსა და ბუჩქნარში, მათ შორის მანგროს ტყეებში. მონოგამური ფრინველებია. მამალი ხის ტოტზე ან ბუჩქში აშენებს რამდენიმე დიდი ზომის ჯამისებრ ბუდეს, რომელსაც აქვს გვერდითი შესასვლელი და სახურავი; დედალი ერთ-ერთ მათგანს ირჩევს და მშენებლობას ასრულებს. ბუდეში 4 (6-მდე) კვერცხია; დედალი კრუხობს 12 დღე. 10 სახეობა შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Donohue, Kathleen (2011). Darwin's Finches: Readings in the Evolution of a Scientific Paradigm , გვ. 83, Google წიგნებში. University of Chicago Press, 15-492 pp.
  2. Darwin's finches — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.