გრატასებრნი (ლათ. Emberizidae) — ფრინველების ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. აქვთ 13-20 სმ სიგრძის სხეული, კონუსისებრი ნისკარტი, ზენისკარტსა და ქვენისკარტს შორის დამახასიათებელი ღრიჭოთი; გრძელი, კიდეზე ამოკვეთილი ბოლო. შეფერილობაში ჭარბობს მუღა და ყავისფერი; მამალი დედალზე ლამაზია. ცნობილია გრატასებრთა 197 სახეობა, რომლებიც გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში მობუდარია მთის გრატა, ბაღის გრატა, შავთავა გრატა და მეფეტყვია; მოზამთრეა ჩვეულებრივი გრატა; მიმოფრენისას გვხვდება ლერწმის, წიტელნისკარტა, ბოსტნისა და თეთრქუდა გრატები. გრატასებრთა უმრავლესობა მიწაზე ბუდობს, ნაწილი — ბუჩქნარებში. დებენ 3-6 კვერცხს (უმეტეს შემთხვევაში ორჯერ). იკვებებიან სარეველების თესლითა და მავნე მწერებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ ადამიანისათვის.