დავით V (კათოლიკოს-პატრიარქი, XV საუკუნე)

დავით V (ზოგჯერ დავით IV) — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1466-1479 წლებში. იბრძოდა ეკლესიური ერთიანობის შენარჩუნებისა და მცხეთის საპატრიარქო მფლობელობის აღდგენისათვის კახეთში. მისი კათოლიკოსობის დროს ბაგრატ მეფემ შესწირა სვეტიცხოველს სოფ. დიღომში მცხოვრები გლეხები თავთავიანთი მამულებით, კახეთის მეფე ალექსანდრემ კი 1479 წელს — ვეჟინისპირა სოფლები (ახალშენი და თორღიანი), ხოლო დავით ქაჩიბაძემ განუახლა სვეტიცხოველს სოფ. ყორანთის 1428 წლის შეწირულობა.

დავით V-ის პატრიარქობის დროს დასავლეთ საქართველოში მყოფმა ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქმა მიქაელმა აფხაზეთის კათოლიკოსად აკურთხა ცაიშელ-ბედიელი მთავარეპისკოპოსი იოაკიმე და შექმნა ე. წ. „მცნებაჲ სასჯულოჲ“, რაც ხელს უწყობდა პოლიტიკურად დაშლილი საქართველოს ეკლესიურ გათიშვასაც. საეკლესიო სეპარატიზმმა, როგორც ჩანს, თავი იჩინა კახეთშიც, ვინაიდან პატრიარქს ერთგულების წიგნს აძლევენ ალავერდელი ეპისკოპოსი გაბრიელი და სხვა უცნობი პირები, რომლებიც პირობას დებენ, რომ არ უორგულებენ მას და არც სხვა ბერსა თუ მონაზონს ინდომებენ კათოლიკოსად.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31;
  • მისივე, XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966;