დავით IV (კათოლიკოს-პატრიარქი)

(გადამისამართდა გვერდიდან დავით IV (კათოლიკოსი))

დავით IV[1] (ზოგჯერ დავით III[2]; ერისკაცობაში დავით ჭავჭავასძე) — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1443/47–1459 წლებში.

დავით IV მოიხსენიება 1447 წლის დეკემბერში მეფე გიორგი VIII-ის მიერ შედგენილ ქართლ-კახეთის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში, სადაც მეფე ამტკიცებს ალექსანდრე I-ის მიერ სვეტიცხოვლისადმი ბოძებულ სიგელს, რომლის თანახმად სვეტიცხოვლის კუთვნილი მამულები კახეთსა და ქართლში თავისუფლდებოდა გადასახადებისაგან. მისი პატრიარქობის დროს მეფე გიორგი VIII-მ სვეტიცხოველს შესწირა ნიაბის ბოლოს მდებარე სოფ. გობნი და დაიწესა 6 აღაპი თავისთვის და თავის ძმის დიმიტრისათვის. 1454 წელს დავით IV-მ კულუხის გამოსაღების წიგნი გადასცა და საწყაოს ოდენობა განუსაზღვრა ჯვარში მცხოვრებ მეკულუხეებს.

დავით IV-ის ზეობის დროს დაიწყო ერთიანი საქართვ. რღვევის პროცესი, რასაც თან დაერთო საეკლესიო სეპარატიზმი. კუმურდოელი მღვდელმთავრის იოანესა და ანჩელი არქიმანდრიტის ქერობინის დავით IV-სადმი მიცემული ფიცის წიგნებიდან ირკვევა, რომ მაწყვერელი და სამცხის სხვა ეპისკოპოსები კათოლიკოსისგან „უჯუარო და შეუნდობელნი იყუნეს საფარის თავზედა“ და ისინი მომავალში მცხეთის საყდრისადმი ერთგულების ფიცს სდებენ. პატრიარქის მტკიცე პოზიციამ აგრეთვე უკან დაახევინა ვარძიელ და საფარელ ბერებს, რომლებიც ბერძნული ეკლესიის მღვდელმთავრების წაქეზებით, ლოცვებში პატრიარქებს აღარ მოიხსენიებდნენ, თუმცა საბოლოოდ, ისევ მცხეთის საყდრის წიაღს დაუბრუნდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1954, ნაკვ. 31;
  • მისივე, XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966;
  1. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, „ნეკერი“, თბ., 2000; აბაშიძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 267.
  2. ბოგვერაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 340.