დავით ქობაირეცი (დავით ქობერელი, დავით ახპატელი; სომხ. Դավիթ Քոբայրեցի; გ. 1205, ახპატი) — სომეხი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ე. წ. „ჩრდილო მხარეთა სომეხ მოძღვართა“ ერთ-ერთი მეთაური.

დაიბადა სოფელ ქობერში (ახლანდ. ლორეს პროვინცია). მოღვაწეობდა ახპატის მონასტერში. 1198-1203 წლებში იმოგზაურა კილიკიის სომხეთში, სადაც რომის საყდართან დაახლოებული სომეხი სასულიერო პირების წინააღმდეგ გამოდიოდა. მონაწილეობდა ლორისა (1205) და ანისის (1207) საეკლესიო კრებებში. ჩვენამდე მოაღწია მის მიერ დაწერილმა სასულიერო-საღვთისმეტყველო შინაარსის 15-მდე თხზულებამ.

1951 წელს მატენადარანის ხელნაწერთა ფონდში მიაკვლიეს საისტორიო თხზულების შემცველ დავით ქობაირეცის მოსახსენებელს (სომხ. ჰიშატაკარანს), რომელშიც გადმოცემულია საქართველოს მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ ორბელთა აჯანყების ამბავი. განსხვავებით სხვა სომეხი ისტორიკოსებისაგან (სტეფანოს ორბელიანი, ვარდან არეველცი და სხვ.) დავით ქობაირეცი ამ ამბების თანამედროვე და თვითმხილველია, რამდენადაც ლორე-ახპატის მიდამოები აჯანყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა იყო და მოვლენები სომეხი ბერის თვალწინ ვითარდებოდა, მისი ცნობები ორბელთა აჯანყების შესახებ უფრო სარწმუნოა და საინტერესო დეტალებითაც ავსებს სხვა ავტორთა ინფორმაციას. დავითი საქართველოს ხელისუფლების მომხრეთა დასს უნდა ეკუთვნოდეს. იგი ქართველ დიდებულთა განზრახვას მეფის დამხობასა და სამეფოს გაყოფაზე, „ბოროტებას“ უწოდებს, ხოლო სტეფანოს ორბელიანის მტკიცებას, თითქოს ორბელები დემნა-დემეტრეს კანონიერი უფლების დასაცავად იყვნენ გამოსული, არ იზიარებს. პირიქით, მისი რწმენით, დიდებულებმა გადაიბირეს უფლისწული და იგი თავიანთ მედროშედ აქციეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მაისურაძე გ., ერთი სომხური წყარო დემნა უფლისწულის აჯანყების შესახებ, კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966;
  • მელიქსეთ-ბეგი ლ., "ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნი" და მათი ვინაობა. სომეხ-ქართველთა ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, ტფ., 1928;