დავით ნიკურაძე
სტატიაში გამოყენებულია ბევრი პირველადი წყარო. |
დავით ნიკურაძე (დ. 11 ნოემბერი, 1975) — ქართველი ჟურნალისტი, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ამერიკის კორესპონდენტი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სტაჟირება აქვს გავლილი თურქეთის ტელევიზიაში, მოგვიანებით კი დაასრულა სპეციალური პროგრამა ბელგიაში, ევროკავშირის გაფართოების და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებზე.
კარიერა
რედაქტირებადავით ნიკურაძემ ჟურნალისტური მოღვაწეობა 18 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად მუშაობდა გაზეთ ”დვრიტაში”. 1995 წლიდან ტელეკომპანია ”იბერვიზიიდან” გადმოსულ ახალგაზრდა ჟურნალისტების გუნდთან ერთად საქართველოს პირველი არხზე ამზადებდა ღამის საინფორმაციო პროგრამა ”ქვიშის საათს”. 1998 წლიდან დავით ნიკურაძე მუშაობს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურში.
დავით ნიკურაძე პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელმაც შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ეს ინტერვიუ თეთრ სახლში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა. [1]
საინფორმაციო და ანალიტიკური რეპორტაჟების გარდა ნიკურაძეს მომზადებული აქვს დოკუმენტური ფილმები, მათ შორის ”ალასკა”, ”ამერიკის საავიაციო უსაფრთხოება 11 სექტემბრის შემდეგ”, ”ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაცია” (ქართული მედიის მიერ მომზადებული ერთადერთი დოკუმენტური ფილმი სამხრეთ ოსეთში პირველი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ).
დავით ნიკურაძეს გაშუქებული აქვს ამერიკის 2004 ,2008 , 2012, 2017 და 2020 წლების საპრეზიდენტო არჩევნები, ქარიშხალ ”კატრინას” ტრაგედია ნიუ ორლეანში, ამზადებდა სიუჟეტებს ვატიკანიდან რომის პაპის იოანე-პავლე II-ს გარდაცვალების დროს, მიჰყავდა რეპორტაჟები თურქეთის ჰოსპიტალებიდან ფრინველის გრიპის ეპიდემიის შესახებ. აღებული აქვს ინტერვიუები არაერთი ცნობილ პოლიტიკოსისგან და საზოგადო მოღვაწისგან.
ნიკურაძე იყო პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელმაც ავღანეთში ამერიკის სამხედრო ოპერაცია გააშუქა. ერაყის სამხედრო კამპანიის დროს კი ნიკურაძე 2 თვის მანძილზე იმყოფებოდა კატარის ქალაქ ას-სალიაში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე და ამზადებდა რეპორტაჟებს ერაყის ომის შესახებ.
2009 წლის ივნისში დავით ნიკურაძემ მოამზადა გადაცემები ბევერლი ჰილზიდან მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავის მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შესახებ. 2011 წელს კი ის ნორვეგიიდან აშუქებდა მოვლენებს ქალაქ ოსლოსა და კუნძულ უტეიაზე ანდერს ბრეივიკის ანდერს ბრეივიკის მიერ განხორციელებული თავდასხმებზე, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეც დაიღუპა. ასევე ის აშუქებდა უიტნი ჰიუსტონის მოულოდნელ სიკვდილს ბევერლი ჰილზის სასტუმრო "ბევერლი ჰილტონიდან" და მომღერლის დაკრძალვას ნიუ ჯერსის ქალაქ ნიუარკიდან.
დავით ნიკურაძეს მომზადებული აქვს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მოდის ბიზნესზე იტალიაში და ჩაწერილი აქვს ინტერვიუ იტალიური საიუველირო მოდის სახლის ბულგარის წარმომადგენელთან, ანა ბულგარისთან. 2011 წელს მან ტელეკომპანია სი-ენ-ენისთვის მოამზადა რეპორტაჟი საქართველოში ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციების შესახებ. ნიკურაძე თანამშრომლობდა რადიოსაგურ ”ამერიკის ხმასთან” და ”რადიო თავისუფლებასთან”.
2004 წლიდან დავით ნიკურაძე მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ბიუროში და ძირითადად ამზადებს რეპორტაჟებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, თეთრი სახლიდან, კონგრესიდან, გაეროდან და ვაშინგტონში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება