დავით კილასონია

Georgian rugby union player

დავით კილასონია (დ. 14 ივნისი, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი — გ. 24 ნოემბერი, 2018, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა მორაგბე, სსრ კავშირის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი.[1][2]

დავით კილასონია
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 14 ივნისი, 1951
დაბადების ადგილი თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების თარიღი 24 ნოემბერი, 2018 (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა მორაგბე, მწვრთნელი, სპორტული ფუნქციონერი
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი თსუ, „ლოკომოტივი“, „შევარდენი“, ასკ
პოზიცია ნახევარმცველი
ნომერი 9,10
ეროვნული ნაკრები
ნაკრები მთავარი მწვრთნელი (1989–1990)

ბიოგრაფია

რედაქტირება

თამაში დაიწყო 1968 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში (1968–1969), შემდეგ თამაშობდა თბილისის „ელმავალში“, (1970–1971), თბილისის „ლოკომოტივში“ (1971–1981), „შევარდენში“ (1982), არმიის სპორტულ კლუბში (1983) და სსრ კავშირის ნაკრებში (1977–1978). სსრ კავშირის 1978 წლის თასის მფლობელი და 1972, 1978 და 1981 წლების ჩემპიონატების მესამე პრიზიორი. საქართველოს სსრ-ს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი.[3] ევროპის 1978 წლის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი. წლების განმავლობაში შედიოდა სსრ კავშირის 30 საუკეთესო მორაგბეთა შორის. იყო თბილისური გუნდების „ლოკომოტივის“, „შევარდენის“, და არმიის სპორტული კლუბის, აგრეთვე სსრ კავშირის მეორე (ე.წ. პროფკავშირთა, 1981), საქართველოს ეროვნული (1989–1990) და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელი.

 
დავით კილასონია

მუშაობდა საქართველოს სპორტკომიტეტის სახელმწიფო მწვრთნელად რაგბიში (1986-90) და სპორტთამაშების განყოფილების უფროსად. არის ღირსების ორდენის კავალერი. დ. კილასონია უდაოდ იყო ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე ქართული რაგბის ისტორიაში, მაგრამ კიდევ უფრო დიდია მისი, როგორც სპორტული ფუნქციონერის დამსახურება ქართული რაგბისა და მთლიანად ქართული სპორტის წინაშე. 1987 წელს დ.კილასონიას ძალისხმევითა მოხდა საკავშირო რაგბის მამებისაგან შერისხული თბილისის „ლოკომოტივის“ ადგილის შენარჩუნება საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და შემდეგ თავად „ლოკომოტივის“ აღდგენა.

 
თანამედროვე რაგბიდან დღესდღეისობით გამქრალი ილეთი - 9 ნომრის ნახტომში გაკეთებული პასი

დავით კილასონიამ თანამოაზრეებთან ერთად 1989 წელს დაარსდა საქართველოს რაგბის კავშირი და დაიწყო საკავშირო ფედერაციიდან გამოყოფისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების პროცესი. დ. კილასონიამ პირადი კავშირების გამოყენებით აიყოლია სხვა რესპუბლიკების წარმომადგენლები (უკრაინა, ლატვია, ლიეტუვა, რსფსრ) და 1990 წლის რაგბის საკავშირო ფედერაციის ყრილობაზე აიძულა ცენტრი მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც უფლებას აძლევდა რესპუბლიკურ ფედერაციებს დამოუკიდებლად გაწევრიანებულიყვნენ რაგბის საერთაშორისო ფედერაციებში. უკვე 1990 წელს მისი ინიცატვით შექმნილმა საქართველოს რაგბის კავშირმა ჩაატარა საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი. თავად ბრძოლა საერთაშორისო ორგანიზაციებში გასაწევრიანებლად კი წარმატებით დასრულდა 1992 წლის 27 თებერვალს, როცა რაგბის საერთაშორისო საბჭომ თავის წევრად მიიღო საქართველოს რაგბის კავშირი.

იმავე 1989 წელს საბჭოთა კავშირში ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად ჩამოსულ ზიმბაბვეს ნაკრებს დ. კილასონიას თაოსნობით ქუთაისში საქართველოს ნაკრები დაახვედრეს, რომლის შექმნის იდეაც სწორედ დ. კილასონიას ეკუთვნოდა. მისივე ძალისხმევით თავის პირველ მატჩში ნაკრები ეროვნულ, შინდისფერ კვართებში გამოწყობილი გამოვიდა მოედანზე. დ.კილასონია იყო ნაკრების პირველი მწვრთნელი როგორც ამ პირველ თამაშში, ასევე მის პირველ ტურნეშიც, რომელიც მომდევნო წელს ზიმბაბვეში გაიმართა.

1989 წელს დავით კილასონია ქართული სპორტისა და საზოგადოების სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან (ჯანო ბაგრატიონი, ვაჟა კაჭარავა, ნონა გაფრინდაშვილი, ვიქტორ სანეევი, დავით კინწურაშვილი, ემზარ ზენაიშვილი, პაატა ნაცვლიშვილი, თენგიზ გაჩეჩილაძე, ავთანდილ ციბაძე და სხვები) ერთად იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელი და მისი აღმასკომის წევრი.

1993 წლის ბოლოს აფხაზეთის ომიდან მობრუნებული დ. კილასონია ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მშობლიურ ნოქალაქევში (სენაკის მუნიციპალიტეტი) გადავიდა, სადაც საკუთარი ძალებით მოაწყო რამდენიმე პრიმიტიული სარაგბო მოედანი და ჩამოაყალიბა ბავშვთა გუნდი. მისივე თაოსნობით ნოქალაქევში რამდენიმე წელიწადს ტარდებოდა ბავშვთა ტურნირები, რომლებშიც მაშინდელი გადასახედიდან საკმაოდ ბევრი, 12-15 გუნდი იღებდა მონაწილეობას და ბავშვებისათვის დიდი სიხარულის მომტანი იყო.

1990-იანი წლების ბოლოს დ. კილასონია თბილისში ბრუნდება და მშობლიურ „ოქროს უბანში“ აყალიბებს ბავშვთა გუნდს „ტექნოირსს“. 1999 წელს მისი თაოსნობით გამოდის ჯერჯერობით ერთადერთი ფერადი და უხვად ილუსტრირებული სარაგბო ალმანახი „საქართველოს რაგბეთი“. სიცოცხლის ბოლო წლებში დ. კილასონია იყო ოლიმპიური კომიტეტისა და რაგბის კავშირის დასავლეთ საქართველოს რეგიონის ხელმძღვანელი. სწორედ ამ წლებში მისი ინიცატივით სენაკში დაარსდა რაგბის მუზეუმი, თავიდან შეიქმნა საქართველოს ლელოს ფედერაცია და მოხდა ამ ეროვნული თამაშის კულტივირება დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებსა და ქალაქებში, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. რეგულარულად იმართებოდა ტურნირები როგორც ბავშვთა, ასევე საჯარისო ნაწილების გუნდებს შორის.

კიდევ მრავალი სასიკეთო საქმის გამკეთებელი გახლდათ დავით კილასონია, მაგრამ სამწუხაროდ 2018 წლის 24 ნოემბერს 67 წლის ასაკში, ერთთვიანი ავადმყოფობის შემდეგ იგი გარდაიცვალა.[4] ქართულმა სპორტულმა მედიამ სწორად შეაფასა ბატონი დავითის მოღვაწეობა და სამართლიანად უწოდა მას „ერის კაცი“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006. გვ.238
  • ქართული სპორტის ოქროს წიგნი თბილისი 2013 გვ.298

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება