დავით ბააზოვი

დიდი ებრაელი

დავით ბააზოვი (დ. 1883, ცხინვალი — გ. 1946, თბილისი) — ქართველ ებრაელთა სათვისტომოს ერთ-ერთი ლიდერი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოში სიონისტური მოძრაობის წარმომადგენელი, რაბინი. მონაწილეობდა 1903 წელს გამართულ ბაზელის სიონისტურ კონგრესში.

ოჯახთან ერთად

ადრეული წლები

რედაქტირება

ბააზოვი ქალაქ ცხინვალში 1883 წელს დაიბადა და პირველადი განათლებაც აქვე, ადგილობრივ სინაგოგაში მიიღო. მოგვიანებით მან სწავლა გააგრძელა სიონისტური განათლების ორ ცენტრში, სლუცკსა და ვილნიუსში, სადაც დაეუფლა ებრაულ ფილოსოფიას და რომელიმე დიდ თანამედროვე ქალაქში რაბინად დარჩენას საქართველოში დაბრუნება არჩია. უკეთეს პირობებში შრომის ნაცვლად ბააზოვმა დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთს, დაბა ონს მიაშურა და რაჭის პატარა დასახლებაში დაიწყო მრევლის შემოკრება, წერა-კითხვის არმცოდნე ბავშვებისთვის საბაზო სკოლის ჩამოყალიბება. ბააზოვის სახელს უკავშირდება ლაილაშის სინაგოგისადმი გამოვლენილი განსაკუთრებული ყურადღებაც.

პოლიტიკური მოღვაწეობა

რედაქტირება

რაბინი პოლიტიკურ ასპარეზზე მალე გამოჩნდა. უპირველეს ყოვლისა, იგი ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის აგორებული საერთაშორისო მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. ამასთანავე, უპირისპირდებოდა ცარისტულ რეჟიმს და თანაუგრძნობდა მეფისა თუ სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ აქტივისტებს. იგი მთელ საქართველოში მოგზაურობდა და, შესაბამისად, მრავალ სხვადასხვა ქალაქში უცხოვრია. მაგალითად, 1918 წლისთვის ბააზოვი ახალციხეში აღმოჩნდა. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში კავკასიის ეს მაზრა დროებით დაიკავეს თურქებმა, რომლებიც ყველა მეთოდით ცდილობდნენ ადგილობრივი ქართული მოსახლეობის შევიწროებასა და დასჯას. უმძიმესი იყო ახალციხელი სომხების მდგომარეობაც, რომელთაც სამხედროები ფიზიკურ განადგურებასაც კი უქადდნენ. მათ დავით ბააზოვი ქომაგობდა.

ამავე წელს მან დაიწყო გაზეთ „ებრაელის ხმის“ გამოცემა. იგი გახდა მთავარი შტაბი, სადაც ქართველ ებრაელთა პალესტინაში დაბრუნების სამოქმედო გეგმები ისახებოდა. ამავე გამოცემის თანამშრომელთა აქტიური მხარდაჭერით მოხერხდა ბეით ქნესეთის ოქროს მარაგიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ხაზინის დახმარებაც. ქართველმა ებრაელებმა ერთ-ერთმა პირველებმა შეიტანეს სოლიდური თანხა საქართველოს პირველ ბიუჯეტში.

საბჭოთა ეპოქა

რედაქტირება

საბჭოთა პერიოდში ბააზოვმა საკუთარი შესაძლებლობები სრულად მიმართა სასკოლო საქმის განვითარებისკენ და მთელ საქართველოში დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო ებრაული სასწავლებლების ჩამოყალიბება.

1930-იან წლებში მას შვილი დაუხვრიტეს, თავად კი ციმბირში გადაასახლეს. სიცოცხლის უკანასკნელი წლების განმავლობაში ბააზოვი კვლავ თბილისში დაბრუნდა. ის 1947 წელს გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება