დავათის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი

დავათის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი დავათის სამხრეთ-დასავლეთით 0,5 კილომეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვითა და შირიმის კვადრებით. სამხრეთი კედელი მთლიანად მთის ფერდობშია შეჭრილი. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია ვიწრო და დაბალი კარი, რომლის წირთხლებში საურდულე ხვრელებია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო სწორკუთხა ნიში. აფსიდის იატაკი ერთი საფეხურითაა შემაღლებული და მოსწორებულია კირხსნარით. დარბაზს ცილინდრული კამარა ხურავს. კონქის თაღი ეყრდნობა აფსიდის მხრებზე შემდგარ შირიმის იმპოსტებს.

ეკლესია შიგნით და გარეთ შელესილია, ფასადები სადაა. ლავგარდანი შედგენილია შირიმის ბრტყელი ფილებისაგან. სახურავი კრამიტისაა. ბრტყელ კრამიტებზე გამოსახულია რელიეფური რკალები და ბოლოებგაგანიერებული ტოლმკლავა ჯვრები.

ლიტერატურა

რედაქტირება