გუმათჰესების კასკადი
გუმათჰესების კასკადი — ჰიდროელექტროსადგურები (გუმათჰესი I და გუმათჰესი II) დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, ქუთაისიდან 7 კმ დაშორებით (გუმათჰესის მარცხენა დასახლება), მიეკუთვნება რიონის ჰესების კასკადს. ერთდროულად იყენებს როგორც მდინარე რიონს 12 კმ-იანი მონაკვეთს (სოფ. ჟონეთიდან რიონჰესის წყალსაცავამდე), ისე მასში გადაგდებულ მდ. ცხენისწყლის ნაწილს.
გუმათჰესების ორსადგურიანი კასკადის პროექტი შედგენილი იყო 1953 წელს. გუმათჰეს I-ის პირველი აგრეგატი საექსპლუატაციოდ გაუშვეს 1958 წლის ოქტომბერში, ბოლო აგრეგატი — იმავე წლის დეკემბერში. ძირითადი ჰიდროტექნიკური ნაგებობებია ბეტონის გრავიტაციული ტიპის კაშხალი, ჰესის სადაწნეო შენობა და გუმათჰეს II-ის სადერივაციო არხში გარდამავალი უბანი. ბეტონის გრავიტაციული კაშხალი (სიმაღლე — 52,5 მ, სიგრძე 209,5 მ) წყალს სწევს 30 მ სიმაღლეზე და ქმნის 39 მლნ. მ³ მოცულობის წყალსაცავს (აქედან სასარგებლო მოცულობაა 13 მლნ. მ³), რომელიც საკმარისია ორივე ელექტროსადგურის დღეღამური რეგულირებისათვის. გუმათჰეს I-ში დაყენებულია 4 ჰიდროაგრეგატი. თითოეული 11000 კვტ სიმძლავრისაა. ჰესის ჯამური დადგმული სიმძლავრეა 44000 კვტ, მაქსიმალური დაწნევა — 26 მ, მინიმალური — 23 მ, დადგმული სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტი — 0,61, საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება — 256 მლნ. კვტ·სთ, 1 მეგვტ-ზე წყლის ხვედრითი ხარჯი — 4,864 მ³/წმ.
გუმათჰეს I-ში ნამუშევარი წყალი 1836 მ სიგრძის დერივაციული არხით მიდის გუმათჰეს II-ის ტურბინებში. გუმათჰეს II-ის პირველი აგრეგატი გაუშვეს 1956 აპრილში, ბოლო — იმავე წლის ივნისში. ელექტროსადგური მუშაობს გუმათჰეს I-ის ნამუშევარი წყლით. ძირითადი ჰიდროტექ. ნაგებობებია დერივაციული არხი, სადაწნეო საკანი (არხის ბოლოს), ჰესის შენობა და ნამუშევარი წყლის გადასაგდები არხი, რ-იც რიონჰესის კაშხლის ზედა ბიეფში ჩაედინება. გუმათჰეს II-ში დადგმულია 22800 კვტ საერთო სიმძლავრის 3 ჰიდროაგრეგატი. მაქს. დაწნევა — 13,4 მ, მინ. — 11,2 მ, დადგმული სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტი — 0,62, საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება — 138 მლნ. კვტ·სთ, 1 მეგვტზე წყლის ხვედრითი ხარჯი — 9,4 მ³/წმ. გუმათჰეს II ავტომატიზებული და ტელემექანიზებულია და გუმათჰეს I-თან სინქრონულად მუშაობს.
ჰესებმა გამოიმუშავეს (მლნ. კვტ·სთ): 1956 წ. — 46,6; 1960 წ. — 314,0; 1965 წ. — 343,8; 1970 წ. — 423,3; 1975 წ. — 334,4; 1980 წ. — 330,0; 1985 წ. — 330,6; 1990 წ. — 211,7; 1995 წ. — 179,0; 2000 წ. — 176,6; 2005 წ. — 203,0; 2010 წ. — 329,7 ელექტროენერგია. 1996 წლის 22 ნოემბერს გუმათის ჰიდროელექტროსადგურების ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება „გუმათჰესების კასკადი“, სადგური ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩომახიძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.