გრუზინო
გრუზინო (რუს. Грузины), გრუზინსკაია სლობოდა (Грузинская слобода) — ისტორიული დასახლება რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ამჟამინდელი ადმინისტრაციული დაყოფით კრასნაია პრესნიას რაიონში. XVIII საუკუნეში დასახლებული იყო ქართველებით.
XVII საუკუნეში შემდგომდროინდელი გრუზინოს ტერიტორიაზე მდებარეობა სოფელი ვოსკრესენსკოიე, სადაც მეფე თედორე III-ს საზაფხულო რეზიდენცია ჰქონდა. 1729 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით პეტრე II-მ დასახლება რუსეთში ემიგრირებულ ვახტანგ VI-სა და მის ოჯახს გადასცა. 1730 წლიდან აქ დაიწყო ქართველებისათვის საკარმიდამო ნაკვეთების გამოყოფა, სასახლეების და დამხმარე ნაგებობების მშენებლობა. ვახტანგ VI-ის რეზიდენცია განთავსდა რიაზანის მიტროპოლიტის ყოფილ სასახლეში. მის მახლობლად დასახლდნენ და სახლები აიშენეს ბაქარმა, ვახუშტი ბატონიშვილმა, სიმონ ბატონიშვილმა, დავით გურამიშვილმა, მიტროპოლიტმა რომანოზ ერისთავმა, დეკანოზმა გიორგი გარსევანიშვილმა და სხვებმა.
1730-იანი წლების შუა პერიოდში გრუზინოში ქართველთა საკმაოდ დიდი დასახლება ჩამოყალიბდა, რომელიც დოკუმენტებს და პრესაში იხსენიებოდა როგორც „გრუზინსკაია სლობოდა“. 1750 წელს ვახტანგ VI-ის ძის, გიორგი ბატონიშვილის ინიციატივით დასახლების ცენტრში წმ. გიორგის სახელზე ააგეს ხის სალოცავი. ამიერიდან დასახლების ცენტრს (ტაძრის წინა ტერიტორიას) „გიორგის მოედანი“ ეწოდა. დღესასწაულების (ქრისტეს შობა, ახალი წელი, აღდგომა და ა. შ.) დროს იქ იმართებოდა საზეიმო შეხვედრები, მგოსანთა გაბაასება, ბურთაობა, მხედართა შეჯიბრი. 1730 წელს „ივანობის დღეობაზე“ ვახუშტი ბატონიშვილმა მოაწყო ჯირითი, რომე;საც ესწრებოდნენ რუსეთის იმპერატორი, საიმპერატორო კარის წარმომადგენლები, გენერალიტეტი, უცხოელი დიპლომატები, რუსი და უცხოელი მეცნიერები, მოგზაურები.
გრუზინო ქართული კულტურის ერთ-ერთ კერად იქცა. ვახტანგ VI-მ იქ დაწერა ორიგინალური ლექსების ციკლი. ვახუშტი ბატონიშვილმა შექმნა საქართველოსა და კავკასიის რუკები, დასაბეჭდად მოამზადა „დაბადების“ (ბიბლიის) ტექსტი, 1745 წელს დაასრულა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, თარგმნა რამდენიმე ძეგლიც (ს. იავორსკის „კლდე სარწმუნოების“ და სხვ.). რომანოზ ერისთავმა დაწერა თავისი „წინწილი ღაღადებისა“, დავით გურამიშვილმა შეთხზა მრავალი ლირიკული ლექსი, რომელიც შემდეგ „დავითიანში“ გააერთიანა. აქვე გადაიწერა მამუკა ბარათაშვილის პოეტიკის სახელმძღვანელო „ჭაშნიკი“, გადაინუსხა თარგმნილი რომანი „ალექსანდრიანი“ და ისტორიული თხზულება „ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრება“, აგრეთვე მსოფლიო ისტორია — „ქრონოგრაფი“, მაჩაბლისეული „ქართლის ცხოვრება“, ულუღ-ბეგის ცნობილი „ზიჯი“, არტილერიის სახელმძღვანელო, ითარგმნა თ. პროკოპოვიჩის „პირველ სასწავლო ყრმათა“, არითმეტიკა-გეომეტრიის სახელმძღვანელო და ა. შ.
XVIII საუკუნის ბოლოს დასახლება თავად ოდოევსკების მფლობელობაში გადავიდა. ქართველების ამ მიდამოებაში ცხოვრების პერიოდიდან შემორჩენილია: ბაგრატიონთა სასახლის ნაშთები, ვახუშტი ბატონიშვილის სახლის ნაწილი, მთავარმოწამე წმ. გიორგის ქვის დიდი ტაძარი (XVIII–XIX სს.), ტოპონიმები: „გრუზინო“, „გრუზინსკაია სლობოდა“, „გეორგიევსკაია პლოშჩად“, „ბოლშაია გრუზინსკაია“, „მალაია გრუზინსკაია“, „გრუზინსკი ვალ“, „გრუზინსკი პერეულოკ“ და ა. შ.
ლიტერატურა
რედაქტირება- სიხარულიძე ფრ., პრესნია — ქართველთა უბანი მოსკოვში, «მნათობი», 1982, №7;
- სიხარულიძე ფრ., ქართველთა დასახლება მოსკოვს XVII–XVIII სს., «საბჭოთა ხელოვნება», 1982, №1;
- სიხარულიძე ფრ., მოსკოვის ქართული კულტურის ცენტრის ისტორიიდან, თბ., 1989;
- ცინცაძე ვ., „გრუზინოს“ გეგმარების დახასიათებისათვის, «ძეგლის მეგობარი», 1984, №65;
- სიხარულიძე ფ., ცინცაძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 169.