მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძარი
მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძარი (რუს. Храм Великомученика Георгия Победоносца) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVIII საუკუნეში. იგი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქი. მოსკოვში ქართული დიასპორის სასულიერო ცენტრი, სადაც ღვთისმსახურება საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს შორის შეთანხმების საფუძველზე მიმდინარეობს ქართულ და რუსულ ენებზე. მდებარეობს ბალშაია-გრუზინსკაიის ქუჩაზე, № 13-ში.
მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°45′57″ ჩ. გ. 37°34′36″ ა. გ. / 55.76583° ჩ. გ. 37.57667° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
საიტი | ოფიციალური ვებგვერდი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ვასილი სრეტენსკი, გ. პოპოვი |
თარიღდება | 1750 |
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირება1725 წელს ქართლის მეფე ვახტანგ VI თავის ამალასთან ერთად ასტრახანიდან მოსკოვში ჩავიდა, სადაც პეტრე II-მ მას სასახლის ასაშენებლად თანხა გამოუყო. სასახლის ახლოს ჩამოყალიბდა ქართული სათვისტომო, სადაც ვახტან VI-ის შვილის, გიორგი ბატონიშვილის სახსრებით, 1750 წელს ააგეს ეკლესია. მშენებლობისათვის აირჩიეს ვახტანგის შვილის სასახლის ახლოს მდებარე ადგილი. ცნობილია, რომ ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, აქ მანამდე მდგარა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი, რომელიც დამწვარა. თავდაპირველად ქართველმა უფლისწულმა ააგო ხის ეკლესია, რომელიც 4 აპრილს სპეციალურმა კოისიამ შეამოწმა. 1750 წელს ეკლესია აკურთხა რუსეთში მაცხოვრებელმა ქართველმა მთავარეპისკოპოსმა იოსებ სამებელმა. ეკლესიის პირველ წინამძღვრად დანიშნეს დიმიტრი პეტროვი.
1779 წლის 6 იანვარს ხის ეკლესია დაიწვა, ხოლო შემორჩენილი საეკლესიო ფასეულობები შესანახად გადაიტანეს ახლოსმდებარე ღვთისმშობლის კვართის ეკლესიაში. ცხრა წლის შემდეგ, 1788 წლის 11 ივნისს ქართულმა მხარემ თხოვნით მიმართა მიტროპოლიტ პლატონს, რათა ნება დაერთო აეშენებინათ ქვის ეკლესია. ამავე წლის 13 სექტემბერს ნებართვა მიიღეს და დაიწყო ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა. 1870 წელს არქიტექტორ ნიკოლაი ვასილევის პროექტის მიხედვით ეკლესიას მიაშენეს სამრეკლო, ხოლო 1899 წელს არქიტექტორ ვასილი სრეტენსკის პროექტის მიხედვით ააგეს ახალი აგურის ეკლესია, რუსულ-ბიზანტიურ სტილში[1].
1922 წლის 31 მარტს ბოლშევიკების ბრძანების შესაბამისად ეკლესიიდან გაიტანეს 150 კგ. ოქრო და ვერცხლი. სამრეკლოდან მოხსნეს ყველა ზარი, რომელთა საერთო წონაც 10 ტონა იყო.
1930 წელს ეკლესია დახურეს, ხოლო შენობა გადააკეთეს. მოხსნეს გუმბათი და სამრეკლო, გაუკეთეს სართულშორისი გადახურვა. ამ პერიოდიდან შენობაში განათავსეს კრასინის სახელობის საღამოს ელექტრომექანიკური ტექნიკუმი[2].
1993 წელს ტაძრის ძველი ნაწილი დაუბრუნდა ეკლესიას, ახალ ნაწილში კი დარჩა ტექნიკუმი. მრევლისათვის ეკლესიის გადაცემის მომენტიდან, რუსეთისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების შეთანხმების საფუძველზე, ეკლსიაში, რომელიც ეკუთვნის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ასევე მსახურობს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირიც.
2015 წელს ტექნიკუმმა თავის ტერიტორიაც დაუთმო ეკლესიას და ქართველების მონაწილეობით წარიმართა მასშტაბური რესტავრაცია.
ამჟამად ეკლესიაში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს საეკლესიო სლავურ და ქართულ ენებზე. ეკლესიასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა. ტაძრის შენობა არის რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლი[3].
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Истомин С. В. «Я познаю мир. Московские монастыри и храмы». — Москва: АСТ, 2006. — С. 382. — ISBN 5-17-040178-1, ББК 86.37я2, УДК 087.5:28.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Храм Великомученика Георгия Победоносца в Грузинах. Православный календарь
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Храм Георгия Победоносца в Грузинах. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-04. ციტირების თარიღი: 2018-03-27.
- ↑ В русском храме в Тбилиси восстановлено богослужение на церковнославянском языке / Православие. Ru
- ↑ Объекты культурного наследия. Храм Св. вмч. Георгия Победоносца в Грузинах. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2018-03-27.