გრიგოლ ჯულუხიძე

ქართველი პოეტი
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 6 სექტემბერი 2020. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

გრიგოლ გერონტის ძე ჯულუხიძე (დ. 1 ივლისი, 1940, სოფ. ჩხენიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 31 მაისი, 2013, თბილისი) — ქართველი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი. აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.

გრიგოლ ჯულუხიძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

საშუალო განათლების მიღების შემდეგ გრიგოლ ჯულუხიძე მუშაობდა ბიბლიოთეკარად, გამომცემლობა „მერანის“ რედაქტორად და ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ, ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქტორად, ჟურნალ „კრიტიკის“ რედაქტორის მოადგილედ, გამომცემლობა „მნათეს“ დირექტორად.

1957 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი „ჩვენ ზოგჯერ ჩუმი გვაწუხებს დარდი“. მას შემდეგ გრიგოლ ჯულუხიძის ლექსები, პოემები, მხატვრული თარგმნები, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები სისტემატურად ქვეყნდებოდა ქართულ პერიოდიკაში.

გრიგოლ ჯულუხიძემ 1969 წელს დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. პირველი წიგნი „აპრილის ქარი“ გამოსცა 1968 წელს. მისი მთავარი პოეტური კრებულებია: „ეს დღეც გათენდა“ (1974), „ეს იყო გუშინ“ (1976), „გალავანი შუა ქალაქში“ (1976), „რაც ხანი გადის“ (1980), „და მოვა იგი“ (1983), „ლექსები და პოემები“ (1984), „მე შენთან ვრჩები“ (1986), „საქართველოს ყველაფერი ახსოვს“ (1992), „ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი“ (2006). თარგმნა და ცალკე წიგნებად გამოსცა ლ. ლევინის (1974), ი. შიკირიცკის (1978), ა. ისკოს (1980), ტ. ბროევის (1983) ლექსები. გრიგოლ ჯულუხიძის ცალკეული ლექსები თარგმნილია ესპანურ, რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბელარუსულ, მოლდავურ და პოლონურ ენებზე.

1985 წელს გრიგოლ ჯულუხიძე და გამომცემლობა „მერანის“ კიდევ 5 თანამშრომელი (მთავარი რედაქტორი მამუკა წიკლაური, მისი მოადგილე იზა ორჯონიკიძე, სამხატვრო განყოფილების გამგე სპარტაკ ცინცაძე და მხატვრული რედაქტორი კარლო ფაჩულია) დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. მიზეზი კოლაუ ნადირაძის აკრძალული ლექსის პოეტურ კრებულში შეტანა იყო. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ცენზურა უმკაცრესად ზღუდავდა ანტიკომუნისტურ შემოქმედებას, ნადირაძის „25 თებერვალი“ მაინც ჩასვეს წიგნში „პოეტის ათასი სტრიქონი“. ლექსი შეიცავს ისეთ ანტისაბჭოთა რეფრენებს როგორებიცაა: „წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით, შემოდიოდა სიკვდილი ცელით“ ან „თოვდა, და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 579.
  • საქართველოს მწერალთა კავშირის გაზეთი, №5 (222), თბ., ივლისი 2013 წელი.
  1. ბრეგაძე, ლევან. (2008)ერთი ლექსის ისტორია. nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2020.