გრიგოლი (ცერცვაძე) (დ. 18 მაისი, 1910, სოფ. ვაზისუბანი, თელავის მაზრა (ამჟამად გურჯაანის მუნიციპალიტეტი) — გ. 1 თებერვალი, 1991, თელავი) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე, დაიბადა 1910 წლის 18 მაისს თელავის მაზრის სოფელ ვაზისუბანში. 1948 წლის 18 თებერვალს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 24 თებერვალს მღვდლად. 1971 წლის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის მიერ მიენიჭა დეკანოზის ხარისხი.

1976 წლის 21 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის ლოცვა-კურთხევით იგი აღიკვეცა ბერად და უწოდეს სახელი გრიგოლი. იმავე წლის 22 მაისს სიონის ტაძარის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტი გრიგოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ აკურთხა ალავერდის ეპისკოპოსად.

ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა XII საეკლესიო კრებაზე წმიდა სინოდის სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ასარჩევად წამოაყენა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიას კანდიდატურა. 1977 წლის 25 დეკემბერს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო პატრიარქის კურთხევის ცერემონიალში, მიართვა საქართველოს ეკლესიის ახლად აღსაყდრებულ საჭეთმპყრობელს საპატრიარქო მიტრა, კუნკულ-ბარტყულა და კვერთხი. 1978 წლის 4 იანვარს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოს გრიგოლს მიტროპოლიტობა უბოძა.

მიტროპოლიტი გრიგოლი გარდაიცვალა 1991 წლის თებერვალში. დაკრძალულია ალავერდის საკათედრო ტაძარში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", გვ. 229-230, თბ., 2010