ნიკოლოზ გოცირიძე

(გადამისამართდა გვერდიდან გოცირიძე, ნიკოლოზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოცირიძე.

ნიკოლოზ (ნიკო) სიმონის ძე გოცირიძე (დ. 16 თებერვალი, 1872, თბილისი — გ. 30 ივლისი, 1949, იქვე) — ქართველი მსახიობი, ვანო სარაჯიშვილისა და ვასო აბაშიძის შემდეგ ერთ-ერთ პირველს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება (1924).

ნიკოლოზ გოცირიძე
დაბადების თარიღი 16 თებერვალი, 1872
გარდაცვალების თარიღი 30 ივლისი, 1949 (77 წლის)
საქმიანობა მსახიობი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის რკინიგზის დეპოში მღებავად. პარალელურად გამოდიოდა ავჭალის აუდიტორიაში, ხოლო 1909 წლიდან ზუბალაშვილების სახალხო სახლში (ახლანდელი კოტე მარჯანიშვილის თეატრი), ამასთან ნიკოლოზ გოცირიძე, როგორც კარგი ხმის პატრონი, მღეროდა იოსებ რატილის და ალექსანდრე (სანდრო) კავსაძეს გუნდებში.

1921 წელს მიიწვიეს რუსთაველის, ხოლო 1930 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში. ნიკოლოზ გოცირიძეს პოპულარობა მოუტანა ჯერ კიდევ მუშათა სცენაზე შესრულებულმა როლებმა: ავეტიქა (ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), გრუშევსკი (ტრიფონ რამიშვილის „მეზობლები“), გასტონი („პარიზის ღარიბ-ღატაკები“), შმაგა („უდანაშაულო დამნაშავენი“), ბიზო („პარიზის ბიჭები“), პავლე მედროგე (გერჰარტ ჰაუპტმანის „მელანიას ოინები“), ოსიპი (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), საქუა („მსხვერპლი“), ოსეფა (რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“), აკოფა (ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“). დიდ სცენაზე მისი პირველი როლი იყო ზაზა „სამშობლოში“. ამას მოჰყვა გეურქა (ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), ჟურდენი (მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“), მოსამართლე (ხაკინტო ბენავენტე ი მარტინესის „ინტერესთა თამაში“), გიქო, გიჟმოზე (გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“, „დაქცეული ოჯახი“), კოსტილევი (მაქსიმ გორკის „ფსკერზე“) და სხვა.

ნიკოლოზ გოცირიძე სცენაზე 60 წელი იდგა და მის მიერ განვლილ პერიოდზე დაწერა „მოგონებები“. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 112, თბ., 1994