გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია

გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია — შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია, მდებარეობს გორის მახლობლად მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მაღალ გორაკზე. ნაგებია ქვით. აგების თარიღი უცნობია, მაგრამ კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის (1574– 1605) დროს იგი უკვე კარგადაა ცნობილი.

გორიჯვრის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ხალხური თქმულებით, თამარ მეფის აგებულია. ეკლესიის შესახებ ცნობებს გვაწვდიან მ. ბროსე, დ. ბაქრაძე, ე. თაყაიშვილი. პ. უვაროვას აზრით, როგორც ეკლესია, ისე მისი გალავანი უძველესი დროისაა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „... გორის პირისპირ არს ეკლესია წმიდის გიორგისა, მაღალს გორასა ზედა ნაშენი, სასწაულთმოქმედი. თავი წმიდის გიორგისა მდებარეობს ჯუარსა შინა, უწოდებენ გორიჯუარს“. ამ ეკლესიაში ინახებოდა კანკელის წინ დასადგმელი ჯვარი (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაშია). ჯვარი ხისაა და შეჭედილია ვერცხლის ფირფიტებით, რომლებზეც გამოსახულია წმინდა გიორგის ცხოვრებისა და წამების სცენები. შუაში მოთავსებულია ჯვარცმა, იქვეა ღვთისმშობლისა და იოანეს გამოსახულებები. ჯვრის კონუსისებრი ქუდიც ვერცხლით არის შეჭედილი, მასზე წმინდანები არიან გამოსახული. ჯვრის კონუსური ქუდი გ. ჩუბინაშვილმა XIII ს-ით დაათარიღა, ხოლო თავად ჯვრის დათარიღების შესახებ გამოთქმულია ორი თვალსაზრისი. ერთი მოსაზრებით (თ. საყვარელიძე), ჯვარი მდიდრული დეკორისა და მისი მოჭედილობის მიხედვით XVI ს. მიეკუთვნება. ასევე მიაჩნდა გ. ჩუბინაშვილსაც. განსხვავებული მოსაზრებით (ვ. თუთბერიძე), ჯვრის წარწერიდან გამომდინარე, იგი XV საუკუნით შეიძლება დათარიღდეს.

ხალხს სჯეროდა ეკლესიის სასწაულთმოქმედი ძალისა. ამიტომ იგი დიდძალ მლოცველს იზიდავდა. აქ ძველთაგანვე იმართება გორიჯვრობა — წმ. გიორგის სახელობის დღეობა. ეკლესიის მიდამოებში წყალი არ იყო. 1712 წელს ვახტანგ VI-ის მეუღლეს, ჩერქეზთ ბატონის ასულ რუსუდანს, იგი ბურეთის მთიდან გამოუყვანია. 1920 წლის მიწისძვრის დროს დანგრეული ეკლესია ამჟამად აღდგენილი (1988, არქიტ. გ. ციციშვილი) და მოქმედია. ტერიტორია კეთილმოწყობილია.

ლიტერატურა

რედაქტირება