გიორგი ქართველიშვილი
გიორგი ქართველიშვილი (დ. 1827, თბილისი — გ. 1901) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, მეწარმე და ქველმოქმედი.
გიორგი ქართველიშვილი | |
---|---|
საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი | |
მშობლიური სახელი | Georges Kartveloff |
დაბადების თარიღი |
1827 თბილისი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი |
1901 თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი ქართველიშვილი თბილისში, დავით ქართველიშვილის ოჯახში, დაიბადა. ჰყავდა მეუღლე, თამარ მჭედლიძე, და 11 შვილი — ერთი მათგანი ნიკოლოზ ქართველიშვილი, შემდგომში ქართული მუსიკალური ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწე გახდა. გარდაიცვალა 1901 წელს. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, რომელიც მისი შემწეობით აიგო მე-19 საუკუნის ბოლოს.
მოღვაწეობა
რედაქტირებასამეწარმეო საქმიანობა
რედაქტირებაქართველიშვილის (და მისი კომპანიონი ზეზემანის) ფირმა ორთქლის ძრავებზე მომუშავე ხის გადამამუშავებელ 3 მსხვილ ქარხანას ფლობდა შიდა ქართლში (გორის მაზრა), სოფელ ატენსა და ხანდისში. დამუშავებული ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის, რომლის დიდი ნაწილი (განძელების სახით) სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მშენებლობას ხმარდებოდა, ქართველიშვილმა რკინიგზა ააგო ატენიდან გორამდე.
ქართველიშვილი ასევე მსხვილ სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა და პირველი გილდიის ვაჭრის წოდებას ატარებდა, რაც რუსეთის იმპერიაში კომერციის დარგში უმაღლეს აღიარებად ითვლებოდა.
საქველმოქმედო საქმიანობა
რედაქტირებაქართველიშვილი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე იყო საქართველოში, თუმცა ის უფრო ცნობილია მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობით, რომელიც უკავშირდებოდა ქართულ ისტორიას და კულტურას.
1881-1882 წლებში ქართველიშვილმა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა. წიგნის გასაფორმებლად მოიწვია რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი, ეროვნებით უნგრელი, მიხაი ზიჩი. 1884 წელს მისივე წინადადებით შეიქმნა კომისია, რომელსაც ვეფხისტყაოსნის ტექსტის ვარიანტების შეჯერება-დადგენაზე უნდა ემუშავა. კომისიის წევრები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი და იონა მეუნარგია. წიგნის გამოსაცემად გამოიწერა ახალი შრიფტი, სათაურის ასოები, ორნამენტები (სხვადასხვა ქართული ტაძრებიდან აღებული), გასაფორმებელი ნახატები. ზიჩის ილუსტრაციებით გაფორმებული ვეფხისტყაოსანი გამოიცა 1888 წელს და ისტორიაში შევიდა როგორც "ქართველიშვილისეული გამოცემა". ქართველიშვილმა გამოცემის მთელი ტირაჟი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა. მოგვიანებით ცალკე წიგნად გამოსცა რუსულ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი, რომელიც პირადად გადასცა საჩუქრად საქართველოში სტუმრად მყოფ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის მეუღლეს მარია ფიოდოროვნას.
1880-1884 წლებში ქართველიშვილის შემწეობით ხელახლა აშენდა აღა მაჰმად ხანის მიერ 1795 წელს დანგრეული დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია.
1885 წელს გამოსცა ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს ისტორია (დიმიტრი ბაქრაძის რედაქტორობით).
ქართველიშვილის დავალებით, ფოტოგრაფ ერმაკოვის მონაწილეობით, შედგენილ იქნა საქართველოს ისტორიული ალბომი. ქართველიშვილი წიგნებით ასაჩუქრებდა მთელ რიგ სასწავლებლებს, ეხმარებოდა შეგირდებსა და სტუდენტებს, აფინანსებდა ძველი ტაძრების სარესტავრაციო სამუშაოებს. როგორც გაზეთი ივერია აღნიშნავდა,
არც ერთი საზოგადო საქმე არ დაწყებულა ჩვენში, რომ გიორგი დავითის-ძეს [ქართველიშვილს] დახმარება არ აღმოეჩინოს. იმის ცხონებული და მადლიანი მარჯვენა ყველას შემწეობას და შველას უჩენდა.
საზოგადოებრივი მოღვაწეობა
რედაქტირებაქველმოქმედების გარდა, ქართველიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი და ხაზინადარი. 1883-1885 წლებში, ქართველიშვილი გამოსცემდა ცნობილ ქართულ გაზეთ დროებას.
ქართველიშვილი ატარებდა რუსეთის იმპერიის საპატიო მოქალაქის წოდებას (Потомственный Почетный Гражданин Российской Империи).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.5
- ზ. ჭიჭინაძე, ქართველთ მრეწველნი — გიორგი დავითისძე ქართველიშვილი, 1904
- ქ. მუშკუდიანი, მეცნიერება და ტექნიკა, #7-9, 2000 წ.