გიორგი ნამორაძე
გიორგი (გუცა) ანდრიას ძე ნამორაძე (დ. 14 ოქტომბერი, 1882, გორი, — გ. 16 თებერვალი, 1965, თბილისი) — ქართველი პუბლიცისტი, მთარგმნელი, პოეტი.
სწავლობდა თბილისის სემინარიაში, 1907 წლიდან — კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. სემინარიიდან და უნივერსიტეტიდანაც გარიცხული იყო სტუდენტების საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო. მისი ლექსები და კორესპონდენციები უკრაინული კულტურის შესახებ იბეჭდებოდა იმდროინდელ ქართულ პრესაში. 1917 წლის იანვარში კიევში დააპატიმრეს ომის საწინააღმდეგო აგიტაციის გამო, მაგრამ გათავისუფლდა თებერვლის რევოლუციის შემდეგ. ერთხანს კიევის 1-ლი სარეზერვო კომუნისტური პოლკის სამედიცინო ნაწილის უფროსი ექიმი იყო. 1924 წლიდან ხარკივში მუშაობდა სახელმწიფო გამომცემლობის ლიტერატურულ რედაქტორად. 1936-1945 წლებში იდევნებოდა: რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, შემდეგ გადასახლებული. გათავისუფლების შემდეგ საქართველოში ცხოვრობდა. მუშაობდა მასწავლებლად სოფ. სართიჭალაში. 1956 წელს რეაბილიტირებული იქნა.
ნამორაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ-უკრაინულ ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში. თარგმნიდა უკრაინული ლიტერატურის ნიმუშებს ქართულად და პირიქით, ხელმძღვანელობდა ქართულ-უკრაინული ლექსიკონის შედგენას (ხელნაწერი დაკარგულია), უკრაინულ გამოცემებში აქვეყნებდა წერილებს და სტატიებს საქართველოს და ქართული კულტურის შესახებ, პოეტ მიკოლა ბაჟანს დაეხმარა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უკრაინულად თარგმნაში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- შროშანი : ზღაპარი / ლესია უკრაინკა ; მთარგმ: გ. ნამორაძე (მთარგმნელი). - თბილისი, ნაკადული, 1963. - 21გვ.
- მოთხრობები : იური ზბანაცკი ; უკრ. თარგმ. გ. ნამორაძემ (მთარგმნელი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1964. - 76გვ.
- მოთხრობები : ნათან რიბაკი ; უკრ. თარგმნ. გ. ნამორაძემ (მთარგმნელი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1964. - 77გვ.
- Збiрка оповiдань : М. Джавахiшвiлi ; перекл. Г. Наморадзе (მთარგმნელი). - Харкiв, Книгоспiлка, 1930. - 326p.
- Зелене Шатро : Родiон Коркiя ; перекл. з груз. Г. Наморадзе (მთარგმნელი). - Киiв, Молодь, 1963. - 180p.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.109.
- Пам'яті Георгія Наморадзе // Літературна Україна. 19 лютого. 1965.
- Наморадзе Георгій / О. П. Синиченко, Р. Ш. Чилачава // Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] / Редкол.: І. М. Дзюба, А. І. Жуковський, М. Г. Железняк [та ін.] ; НАН України, НТШ. – К. : Інститут енциклопедичних досліджень НАН України, 2020.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი ნამორაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ნამორაძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
- Синиченко О. П., Чилачава Р. Ш. Наморадзе Георгій // ЕСУ.