გიორგი მჭედლიშვილი (მეცნიერი)
გიორგი მჭედლიშვილი (დ. 31 იანვარი, 1956, სიღნაღი — გ. 20 ნოემბერი, 2020) — ქართველი ისტორიკოსი და მეცნიერი. კულტუროლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002).
გიორგი მჭედლიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 31 იანვარი, 1956 |
დაბ. ადგილი | სიღნაღი |
გარდ. თარიღი | 20 ნოემბერი, 2020 (64 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მეცნიერი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1983 წლიდან ლექციების კურსს კითხულობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებთან. 1990-1991 წწ. იგი ერთწლიანი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საბერძნეთში, ათენის უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა XI-XII საუკუნეების ქართულ-ბიზანტიურ, პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიაზე. დამთავრული აქვს საქართველო-საბერძნეთის საზოგადოებრივ-ჰუმანიტარული აკადემია „ტასის დემოკრატის“ ევროსაბჭოს პროგრამით, ჟურნალისტის სპეციალობით. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სტუდენტურ ექსპედიციებს. 1999-2001 წლებში მონაწილეობდა ბუდაპეშტში, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის პროგრამებში. 2003 წელს მონაწილეობა მიიღო ისრაელში მაშავის პროგრამით გამართულ „უმაღლესი განათლების“ კურსებზე. ავტორია 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და თითქმის ამდენივე საგაზეთო წერილის. მუშაობდა კავკასიისა და ტექნიკურ უნივერსიტეტებში სრული პროფესორის თანამდებობაზე. საქართველოში ისტორიულ კულტუროლოგიაში ერთ-ერთ პირველს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს პრობლემა“, დაიცვა 1983 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „შუა საუკუნეების ქართული პოლიტიკური აზრი და ვეფხისტყაოსანი“, დაიცვა 2002 წელს.