გიორგი გოთუა
გიორგი გოთუა (დ. 14 იანვარი, 1871, ძიმითი — გ. 13 იანვარი, 1936, ბელგრადი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1919), რუსეთის იმპერიის არმიის ერთადერთი მაღალჩინოსანი, რომელიც საფრანგეთის არმიის შემადგენლობაში ომის დასრულებამდე აგრძელებდა პირველ მსოფლიო ომში სამოკავშირეო ხეკშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს — საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი.[1][2]
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი გოთუას მამა იყო აზნაური სიმონ გოთუა, ხოლო დედა - ელისაბედ თაყაიშვილი. დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის პროგიმნაზიაში, 1896 წელს დაამთავრა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. 1902 წლიდან მსახურობდა შუა აზიაში 256-ე ღუნიბის და მე–8 კრასნოვოდსკის სარეზერვო ბატალიონებში. 1904-1905 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში.1909 წელს მიიღო ქვეითთა სარეზერვო ბრიგადის შტაბს–კაპიტნის წოდება.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კაპიტნის წოდებით მონაწილეობდა მე-8 თურქესტნული მსროლელთა პოლკის შემადგენლობაში ჩრილო-დასავლეთის ფრონტის ბრძოლებში, რომლებშიც გამოიჩინა თავი და 1915 წელს დაჯილდოვდა „წმინდა გიორგის ოქროს იარაღით“, ასევე წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენით მახვილებითა და წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენით მახვილებით.
1916 წელს პოდპოლკოვნიკის რანგში ჩარიცხულ იქნა მე-2 განსაკუთრებულ ქვეითთა პოლკში, რომლის ფორმირებაც მოხდა საფრანგეთში „რუსეთის საექსპედიციო კორპუსის“ სახელწოდებით ცნობილ შენაერთში საბრძოლველად.[3] ხელმძღვანელობდა ბატალიონს, დაჯილდოვებული იყო საფრანგეთის სამხედრო ჯვრით (პალმით ლენტზე),[4] წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხისა და წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენებით, დეკემბერში კი მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.[4]
1917 წელის გაზაფხულზე მოკავშირეებმა დაიწყეს შეტევა, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა, თუმცა რუსულმა ბრიგადებმა დიდი დანაკარგის ფასად შეძლეს მათზე დაკისრებული ფუნქციის შესრულება. აპრილის ბრძოლებში პოლკოვნიკმა გოთუამ კვლავ გამოიჩინა თავი და დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. რეორგანიზაციასა და დასვენებისთვის ბრიგადები გადაიყვანეს ლა-კურტინის ბანაკში, მოხდა გაერთიანება ერთ ბატალიონად, პოლკოვნიკი გოთუა კი დასახელდა განსაკუთრებული ბრიგადის მეთაურად.
საექსპედიციო კორპუსის გაუქმების შემდეგ პოლკოვნიკ გოთუას საქმიანობა უკავშირდება საფრანგეთის არმიის შემადგენლობაში ბრძოლებში სახელგანთქმული „ღირსების ლეგიონის“ ორგანიზებასა და მეთაურობას. ლეგიონის საბრძოლო წარმატებებმა სახელი გაუთქვა იმდროინდელ საფრანგეთის პრესაში „შავ პოლკოვნიკად“ მონათლულ გიორგი გოთუას.[1]
უკნასკნელად პოლკოვნიკი გოთუა ლეგიონის მეთაურად მოხსენებულია 1919 წლის იანვრის ბოლოს პარიზის მუნიციპალიტეტის მიმოწერაში. იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები უკავშირდება ლეგიონის ნაწილის დენიკინის არმიასთან შესაერთებლად გამგზავრებას. მათი და პოლკოვნიკ გოთუას არმიაში შესვლა მოხდა საფრანგეთის ხელისუფლების წინადადებით, რომელიც მისი მიღების შემთხვევაში უზრუნველყოფდა მებრძოლების სამშობლოში სწრაფ დაბრუნებას.[5][6]
სამოქალაქო ომმა გიორგი გოთუას ოჯახი გახლიჩა. საბოლოოდ ის უფროს ვაჟთან ერთად აღმოჩნდა იუგოსლავიის ქალაქ ბილეჩაში (აქ განთავსებული იყო კადეტთა კორპუსი, რომელშიც სწავლას განაგრძობდა შვილი),[7] მეუღლე და 4 შვილი კი საქართველოში დარჩა.
დაკრძალულია ბელგრადის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგიტიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 78.
- ურუშაძე, ო. „გენერალ-მაიორი გიორგი გოთუა“ - თბილისი, 2013.
- ბეჟიტაშვილი, გ. „ქართული ემგრაცია ევროპაში (1921-1953)“ თბ., 2012. - გვ.50–51.
- Кеpсновский А. А.,, История русской армии, т. 1–4, М.,, 1992–1994.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Кеpсновский, 1992-1994, გვ. 215
- ↑ Шевяков Т.Н. Знамена и штандарты Российской императорской армии конца XIX - начала XX в. М.: АСТ, Астрель, 2002. ISBN 5-17-013120-8, 5-271-04108-5
- ↑ "The Volunteers of the Russian Expeditionary Corps in the Moroccan Division during the Second Battle of Marne"by Henri Maurel.
- ↑ 4.0 4.1 http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000281/
- ↑ 1. ↑ https://www.brigadesrusses.fr/Legions_Russe_Etrangere.h.htm
- ↑ JOURNAL DE LA GRANDE GUERRE.1242/27 DÉCEMBRE 1917 - 17 NOVEMBRE 2018 LAISSER UN COMMENTAIRE. Michka, l’héroïne inattendue du camp de Mailly. https://reims1418.wordpress.com/2018/11/17/1242-27-decembre-1917
- ↑ Добра И.В. Белые тени. – М. Мол. гвардия, 1981.